საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესტონეთის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც ამავდროულად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას წარმოადგენენ.
მხარეებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის და საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების, სასამართლოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
საუბარი შეეხებოდა ნატო-ს ასამბლეის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციას, რომელიც მრავალი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას ცხადყოფს.
შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ესტონეთის პარლამენტთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისთვის ბალტიკური ქვეყნების მნიშვნელობაზე ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგზე და მის განხორცილებაზე. მხარეებმა ვიზის ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯებიც განიხილეს და საპარლამენტთაშორისო საკომიტეტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებები. ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე და ჩვენს მოლოდინებზე. მივესალმებით, რომ ესტონეთის, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.