ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა და ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„კომიტეტის საქმიანობის უდიდეს ნაწილს ქვეყნის შიდა რეფორმების განხორციელებაზე კონტროლი წარმოადგენს, რაც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას ემსახურება - იქნება ეს გარემოს დაცვა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, სოციალური თუ რომელიმე სხვა სფერო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე და იმ სიკეთეებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ევროკავშირთან დაახლოებით იღებს.
„ჩვენი კომიტეტი აუცილებლად უნდა მიჰყვეს იმ მიზნებს, რაც დასახული აქვს ქვეყანას, რადგან ამას ჩვენ მხოლოდ ევროკავშირის დადებითი განწყობის მოსაპოვებლად არ ვაკეთებთ. სოციალური ორიენტაცია, მოქალაქეების უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი ინსტიტუციები - ეს ყველაფერი პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სტაჟიორებს წარმატებები უსურვა.
„სტაჟირების პროგრამა, ვფიქრობ, სწორი გზის არჩევაში ძალიან დაგეხმარებათ, შეძლებთ სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადოთ თქვენი თავი და აღმოაჩინოთ ის სფერო, რომელიც უფრო გაინტერესებთ“, - აღნიშნა მან.