კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, კომიტეტის საქმიანობა ამ მოწვევის პარლამენტში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, ვინაიდან აგრარული სექტორი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მან ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტის მუშაობის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო კონტროლს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, თუმცა სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 10%-ს შეადგენს. „ამიტომ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ რეალურად დაეხმაროს სოფლად მცხოვრებთ, არამედ საკანონმდებლო დონეზეც მოხდეს მათი საქმიანობისადმი ხელშეწყობა“. გელა სამხარაულმა ახალგაზრდებს კომიტეტის მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო. ,,ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღება, რამაც გლეხური და ფერმერული მეურნეობების გაერთიანებას უნდა შეუწყოს ხელი. ამის დასტურია ისიც, რომ სულ მოკლე ხანში უკვე რამდენიმე ასეული კოოპერატივი შეიქმნა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვა და სხვა სფეროებს მოიცავს“.
გელა სამხარაული სტუდენტებს აგროდაზღვევის საკითხზეც ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდა სეტყვისსაწინააღმდეგო სისტემის აღდგენა-ამოქმედებაზე, მელიორაციის სფეროს განვითარებასა და ექსპორტის ხელშეწყობაზე.
როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებში ყურადღება დაეთმოს ამ სფეროს სპეციალისტების მომზადებას, ვინაიდან სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულებით კვალიფიციური კადრების ნაკლებობა შეიმჩნევა. სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას და დღეს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის უკვე 3,4%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების კრებსით მაჩვენებელს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობის უახლესი სამუშაო გეგმებიც გააცნო, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზეც შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი სტუდენტებისათვის პარლამენტში საექსკურსიო ტური გაიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გაცნობოდნენ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობის დეტალებს და, ზოგადად, საკანონდებლო პროცესს.
უნდა აღინიშნოს, იმისათვის, რომ საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, აგრეთვე, პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვა და სხვა ინტერეს-ჯგუფების აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა მოხდეს, სტუდენტებთან პარლამენტის კომიტეტების წევრების შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვს. ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, თითოეულ თემატურ შეხვედრაზე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებში ჩართული სტუდენტები იქნებიან მოწვეულნი.