საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის კანონშემოქმედებითი და ორგანიზაციული საქმიანობის პრინციპები იყო ძირითადი საკითხი, რის შესახებაც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
დეპუტატმა შეხვედრის დროს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უფლებამოსილებასა და კომპეტენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, აკონტროლებს რეგლამენტისა და პარლამენტის დადგენილებების შესრულებას, წყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის, შეწყვეტისა და ადგილმონაცვლეობის საკითხებს. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი აქტიურადაა ჩართული მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისა და საპარლამენტო კომიტეტების ფორმირების პროცესში.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო მართვის მოდელებზე და ქვეყანაში დღეს არსებული მმართველობის სისტემა განიხილა. გიორგი კახიანის ინფორმაციით, საქართველო შერეული ტიპის რესპუბლიკაა, რომელიც საპარლამენტო მმართველობის ელემენტებითაა გაჯერებული.
შეხვედრის ბოლოს სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს აქტუალურ საკითხებზე შეკითხვების დასმის საშუალება მიეცა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 19 წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არიან განაწილებულნი. სტაჟიორები საპარლამენტო საქამიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი კომიტეტების სხდომებს ესწრებიან და დეპარტამენტების მუშაობის პრინციპებს ეცნობიან.
სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.