შეხვედრაზე, რომელიც უმთავრესად გაცნობითი ხასიათის იყო, იმ პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით, სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება. გაეროს განვითარების პროგრამის წარმოადგენლებმა კომიტეტის ხელმძღვანელობას გააცნეს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროექტები და აღნიშნეს, რომ არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის კომიტეტის ჩართულობა ამ პროექტების განხორციელებაში.
ყურადღება დაეთმო ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში და რომლის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ კომიტეტის წარმომადგენლებიც.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გეგმა რეალისტურია, ვინაიდან კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით შემუშავდა და იმედი გამოთქვეს, რომ კომიტეტს არ გაუჭირდება მისი შესრულება, თავის მხრივ კი გარკვეული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზეც შეთანხმდნენ და იმედი გამთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებული იქნება.