საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, პარლამენტის თბილისის სასახლეში, შეხვედრები მიმდინარეობს.
დელეგაციის წევრებთან, კერსტინ ლუნდგრენსა და ტიტუს კორლეტანთან მორიგი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ბოკერიამ გამართეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრისას, მხარეებმა დემოკრატიის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებული არჩევნები და საკონსტიტუციო რეფორმა მიმოიხილეს.
როგორც გიორგი კანდელაკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უმცირესობის წევრებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც 28 ნოემბერს გამოცხადდება. მისივე თქმით, ყურადღება გაამახვილა იმ რეზოლუციების შესრულებაზეც, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში მიიღო.