საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით ფრაქციის ხედვა გააცნეს.
ოთარ კახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის წევრებს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საკუთარი შეთავაზებაც გააცნო.
„ექსპერტებს გავაცანით ჩვენი შეთავაზება, რომ მაღალი, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი შედგეს კანდიდატების ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ვენეციის კომისიის ექსპერტები, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ კონტექსტს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი, ყველა ეწინააღმდეგება სასამართლოში კლანისთვის უზენაესი მართლმსაჯულების გადაფორმებას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.