საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

დამოუკიდებელი დეპუტატები 04 ნოემბერი 2020
ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ კნირშთან. 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებს და ამ მოვლენის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს დაეთმო.

„ბატონ ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია არჩევნების პროცესში მომხდარ დარღვევებზე, რაც ყველასთვის ცნობილია. მაგრამ ჩვენ ასევე გავაცანით ჩვენი პოზიცია, რომ პარტია აპროტესტებს რა შედეგებს, არ უერთდება საპროტესტო აქციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სხვა, ალტერნატიული გზებით უნდა იქნეს მოძებნილი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან. ხოლო დიპლომატიურმა კორპუსმა კიდევ უფრო მეტად შეასრულოს აქტიური როლი მიმდინარე პროცესების როგორც შეფასებაში, ასევე შესაძლო გამოსავლის და გზების ძიებაში“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

მარიამ ჯაშის თქმით, ჩვენს ქვეყნას დღეს ასევე ყველაზე ნაკლებად სჭირდება არეულობა, სამოქალაქო ურთიერთდაპირისპირება, ხოლო ის პროტესტი, რომელსაც სხვადასხვა სახით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი გამოთქვამს, ასევე ძალადობისაგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს.

მისივე თქმით, აუცილებელია ობიექტურად შეფასდეს ცესკოს მუშაობა, რეალურად განისაზღვროს პასუხისმგებლობები და კარგი იქნება, თუკი მოხდება შეთანხმება ან ხელახალ გადათვლაზე, ან ახალ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი დაკვირვების და ახალი ინსტრუმენტების შემოღებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმების ობიექტურ დათვლას და დაცვის მექანიზმებს.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, დიპლომატები მიესალმებიან მათ პოზიციას, რომ პროტესტს გამოთქვამენ დიალოგის რეჟიმში და არა საპროტესტო აქციაში მონაწილეობით, მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი შემდგომი თანამშრომლობის.

შეხვედრაში ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ: ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და გედევან ფოფხაძე.