პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან, მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთოებებზე და აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა წარმატებული მუშაობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩის ჩამობრძანების შემდეგაც, ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავ ინტენსიური იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზვიად ძიძიგურმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ იუე ბინის საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩინურ-ქართული ურთიერთობებში.
„ამ პერიოდში გადაწყდა, რომ საქართველო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა იქნება. პირველ რიგში, ჩვენ აქედან ველოდებით ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სარგებელს, ვინაიდან ეს პროექტი გულისხმობს მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ცენტრალური აზიიდან ევროპის გავლით და ამ მიმართულებით საქართველო ძალიან აქტიური მოთამაშე ხდება. სერიოზულად იზრდება ტვირთბრუნვა ჩინეთსა და ვროკავშირის ქვეყნებს შორის და საქართველო ძირითადი გამტარი იქნება. ამასთან ერთად, ჩინური კომპანიები სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავენ ანაკლიის პორტის მშენებლობლობაში. ეს პორტი 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. ჩინეთის დაინტერესება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პორტები დატვირთული იქნება და ეს ყველაფერი კი, დამატებითი შემოსავალია ქვეყენისთვის. მნიშვნელოვანი საკითხია თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რაც ნიშნავს თავისუფალ ვაჭრობას მსოფლიოს მეორე ეკონომიკასა და ჩვენს ეკონომიკას შორის. ჩინეთს მხოლოდ ორ ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს არის ისლანდია და შვეიცარია, მესამე იქნება საქართველო. ყველა ამ პროექტის განხორციელებაში იუე ბინი აქტიურად მონაწილეობდა და ამისთვის მე მას მადლობა გადავუხადე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.