ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელს, სებასტიან ქოქუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„შვეიცარია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დროს სწორედ შვეიცარიელები იყვნენ მოდერატორები ამ მოლაპარაკებებში და ასევე, შვეიცარია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჟენევის მოლაპარაკების კონტექსტში. გარდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე. კერძოდ, რა პრობლემებს წააწყდა ჩვენი ქვეყანა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვისაუბრეთ მოსყიდვის საშიშროებაზე და საფრთხეებზე, ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზირებაზე, მედიაზე და იმ თავდასხმაზე, რაც ხელისუფლებამ განახორციელა რუსთავი 2-ზე, ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის შესაძლო საფრთხეებზე, რომელსაც ვხედავთ მათ შორის დღეს, როდესაც ხდება ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკითხვა. ვისაუბრეთ სასამართლოზე და იმ გამოწვევებზე, რაც არის სასამართლოში. ამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოვახდინე ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის ინფორმირება“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას თინათინ ბოკუჩავამ.