საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 07 მაისი 2015
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განახლებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე.

განახლებულ სამთავრობო პროგრამაში - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები. მასში ჩამოყალიბებულია სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი ასპექტი.

„ჩვენ დეტალურად გავწერეთ, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი - ეს არის ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ისი მოსაზრებით, ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. „მე მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ, მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

განვლილი პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევებს შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დაასახელა, რომელიც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში. მისივე თქმით, განვლილ პერიოდში განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა, შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, შეწყდა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა დევნა. განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი 155 დისკი, შეწყდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა მედია, სასამართლო, პროკურატურა და ბიზნესი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. კერძოდ, დასრულდა 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა სოფლის ექიმების დაფინანსება, მისივე განცხადებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, 600-ის ნაცვლად, 1000 ლარამდე გაიზარდა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უპრეცედენტო პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. “დღეს მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფო მოქალაქეებს წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების მკურნალობას უფასოდ გაუწევს. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა.

„6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი. ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, რამაც ბევრი მათგანის ოჯახს ახალი სიცოცხლე აჩუქა. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში. სოლიდარობის ფონდის შექმნით ჩვენ ხელი შევუწყვეთ სოლიდარული საზოგადოების შექმნას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი, სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის დახმარება. საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი, 1 200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი.

რაც შეეხება განათლების სისტემას, ღარიბაშვილმა მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების 1 016 700 კომპლექტის გადაცემა. მისივე ინფორმაციით, უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო, სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 20 ათასამდე სტუდენტი, გაიზარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა, აშენდა 8 ახალი სკოლა, ხოლო ამჟამად შენდება 9 ახალი სკოლა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 4 სკოლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკოლას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის საშუალებითაც პედაგოგებს ემატებათ ხელფასები. „20 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა მეცნიერების აუდიტი, შეიქმნა კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელიც ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიზნით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2013 წელს საქართველოში ეკონომიკის 3,3%-იანი, ხოლო 2014 წელს 4.8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. „წინა პერიოდებისგან განსხვავებით, 2014 წელს საქართველოს რეგიონში ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 2008 -2012 წლებში საქართველოს ვალის ზრდა წინ უსწრებდა ეკონომიკის ზრდას. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან - 76%-ით, რუსეთთან - დაახლოებით 6-ჯერ. 2012- 2014 წლებში ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 126 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია, ხოლო 2012 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 72 ბენეფიციარი . „ ეს პროექტი მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ინდუსტრიული წარმოების მიმართულებას. მეწარმეებმა უკვე დაიწყეს წარმოებების შექმნა. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია აღწევს 257 მილიონ ლარს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ ამ პროგრამაში ჩართული საწარმოების ამუშავების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 4 ათას 500 კაცი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტალის ჩათვლით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა 4 მილიარდ 525 მილიონ 526 ათას 500 დოლარი . პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია რეგიონებში, განსაკუთრებით, ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა, რეგიონებში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების დივერსიფიკაცია და შესაბამისად - რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2 ათას 100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2 ათას 400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება. ღარიბაშვილის განცხადებით, 2016-2017 წლებში პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 2 ათას 800-ზე მეტ მეწარმეს, ხოლო პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათას 500 ადამიანს შეადგენს.
„პირველად, საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. ეს სათხილამურო სეზონს 5 თვემდე გაზრდის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია განსაკარგავი ქონების შესახებ.
„იწყება პროექტის „მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას“ სამუშოები. საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მშენებლობის განხორციელების მიზნით განხორციელდა ინტერესთა გამოხატვა. თბილისთან ახლოს შენდება ტექნოლოგიური პარკი. შეიქმნება ერთიანი სივრცე ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სასჯელაღსრულების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, ეს არის სფერო, სადაც მათ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ.
„ჩვენ მილიონობით ლარი დავხარჯეთ პატიმრების მკურნალობისთვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებას, გაიხსნა სამი საზოგადოებრივი მისაღები. სასჯელაღსრულებისა და შეზღუდვის დაწესებულებებში გაიხსნა საწარმოები, სადაც მჯავრდებულები არიან დასაქმებულები. გაიხსნა 80 საწოლზე გათვლილი განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო“, - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. მისი თქმით, შემცირდა მსჯავრდებულთა სიკვდიალიანობა. მან ასევე უსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისუაბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, შემუშავდა და პარლამენტში გადაიგზავნა 200-მდე კანონპროექტი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლითაც არასრუწლოვანთათვის საქართველოში ინოვაციური სპეციალიზებული მართლმსაჯულების სისტემა ყალიბდება.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გაიხსნა 21 საზოგადოებრივი ცენტრი. გაიხსნა, ასევე, მე-13 იუსტიციის სახლი საოკუპაციო ზოლთან. მისივე თქმით, 2015 წელს გაიხსნება იუსტიციის სახლები ფოთში, თიანეთში, ყაზბეგში; დაპროექტდა კიდევ 5 ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა; აშენდა რუსთავის და თელავის რეგიონული არქივები; გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი თბილისში; უფასოდ გაიცა ათასობით ახალი, უსაფრთხო პირადობის მოწმობა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას და თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.
„ჩვენ განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, განხორციელდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, უფრო მეტად გამჭვირვალე გახდა დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობა, შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შსს-ს 100-ზე მეტ ობიექტს. იმ ტერიტორიებზე, სადაც პატრულირება არ ხორციელდებოდა, დღეს უკვე შექმნილია ახალი საპატრულო დანაყოფები“, -განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის გაიცემა 100 ათასი ლარი და ამ ოჯახებს 1000 ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნებათ.

უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობის ახალ პროგრამაში ახალი არაფერია. „ თქვენ მიერ გამოაქვეყნებულ პროგრამაში, ახალი არაფერი წერია, დეპოზიტების დაზღვევისა და მცირე ნიუანსების გარდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ეკონომიკაში მდგომარეობა იმის საპირისპიროდ მიდის, რაც „მთავრობის სტრატეგია 2020“-ში არის გაწერილი.
უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელზეც დღეს მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და განხორციელდა. გიორგი ვაშაძემ ღარიბაშვილს მიმართა, დაესახელებინა უშუალოდ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დაწყებული სამი მსხვილი საინვესტიციო პროექტი. „ერთადერთი, რაც თქვენ შექმენით, არის ლაგოდეხის იუსტიციის სახლის ორმო. მისი მშენებლობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაიწყო და თითიც კი არ დააკარეთ ამ ყველაფერს“, - მიმართა პრემიერს გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა. „ დიახ, მე არ გამიგრძელებია იუსტიციის სახლის პროექტი, რომელსაც თქვენ იშენებდით ჭიათურაში – თქვენს სახლთან, ისე, როგორც კახეთში იშენებდა თქვენი უფროსი. ანუ თქვენ და თქვენი უფროსი, რომელიც ახლა უკან ვერ ბრუნდება ქვეყანაში, იუსტიციის სახლებს იშენებით იქ, საიდანაც თვითონ ხართ. ჩვენ ვაშენებთ იქ, სადაც ქვეყნის საზღვარს შემომტკიცება სჭირდება, მათ შორი,ს ყაზბეგში, რომელიც თქვენ არ გაინტერესებდათ, სადაც ვერ მოასწარით აშენება და ვერც მობრუნდებით, რომ ააშენოთ. თქვენ 15 ტონა ნაგავი ჩატოვეთ მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში... ჩვენ ნაგავი გავიტანეთ 1 ოქტომბერს და ეს ნაგავი არ დაბრუნდება არასდროს. თქვენი დრო ჩავლილია და ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ დემაგოგიით იუსტიციაში დაბრუნდებით“, - მიმართა წულუკიანმა გიორგი ვაშაძეს.

დეპუტატის განცხადებას კვლავ იუსტიციის მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება, უბრალოდ იმას, თუ სად და როდის აშენდეს, თავად და "სხვა კრიტერიუმებით" წყვეტს. "ჩვენ ვარჩევთ აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებით. ტყუილებით გაქვთ თავი გამოჭედილი", - მიმართა წულუკიანმა ვაშაძეს.

სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ოთხი თვის წინ საქართველოს პარლამენტში მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი და პროგნოზი, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ამ პროგნოზის გადახედვა მოუწია შემცირებისკენ. მისი ინფორმაციით, 530 000 ოჯახს გაუძვირდა ცხოვრება. „ეს ხალხი ღარიბდება, რადგან შემოსავალი აქვთ ლარში და სესხები აქვთ დოლარში. თქვენი მოღვაწეობის შედეგად საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენა ღარიბდება. ალბათ გავიწყდებათ, რომ ისტორიულ პიკს მიაღწია ბანკებისათვის გადაუხდელი სესხების რაოდენობამ. ალბათ გამოგრჩათ ისიც, რომ შემცირებულია სავაჭრო ბრუნვა ქვეყანაში, რადგან შემცირდა ექსპორტი, შემცირდა იმპორტი. მათ შორის მოახერხეთ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წინა წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირთან 30%-ით შეამცირეთ ექსპორტი“, - განაცხადა გაბაშვილმა. მისივე თქმით, მცირდება სამუშაო ადგილები. გასულ წლებში ტურიზმი ორნიშნა ციფრით - დაახლოებით 20-30%-ით იზრდებოდა, შარშან ტურიზმის ზრდა 25-ჯერ შემცირდა, ხოლო წელს - მინუსში გადავიდა. მისივე შეფასებით, იმატა კრიმინალმა, გახშირდა ბანკების და ბენზინგასამართი სარდგურების დაყაჩაღება და სხვა ძალადობრივი დანაშაულები, იკლო სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობამ.

სერგო რატიანმა საყდრისის საბადოს შესახებ ისაუბრა. „არაერთი ქვეყნის უნივერსიტეტის მეცნიერები 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და საერთაშორისოდ აღიარებული კვლევები ადგენდა იმას, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. თქვენმა მთავრობამ და კომისიამ ეს ერთ დიდ ტყუილად გამოაცხადა“, - განაცხადა რატიანმა.

უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი დაინტერესდა, აქვს თუ არა მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა.

„გეგმა ჩვენ გვაქვს, რომლითაც ვმოქმედებთ. ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეკისრება. რა თქმა უნდა, მთავრობის ნაწილში ჩვენ ვმუშაობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხელი შევუწყოთ ლარის სტაბილიზაციას, რაც დაიწყება უახლოეს 2-3 კვირაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხდომის დასასრულს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც უმცირესობის სხდომაზე ხდებოდა, პირველ რიგში, ხდებოდა საზოგადოების დასანახად და გასაგონად.“ალბათ, არავის გვქონდა ილუზია იმისა, რომ დღეს ამ დარბაზში წარმოდგენილი ორი მხარე ერთიან შეფასებამდე და ერთიან შედეგამდე მიდიოდა. ყველაფერი, რაც დარბაზში ხდებოდა, პირველ რიგში, ხდებოდა საზოგადოების დასანახად და გასაგონად. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ყველაფერს დაინახავს, ყველაფერს გაიგებს და ამ მოსმენიდან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.