ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინე ფრუიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ირინე ფრუიძემ ევროპარლამენტარ ანჟეი გრჟიბთან თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი - „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“ წარადგინა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„უფრო მეტი აქტიური მუშაობა არის საჭირო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტიანობა და უსაფრთხო ენერგომომარაგება. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში გაძლიერდა რეგიონული პოლიტიკური დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც მოიცავს ენერგობაზრებს, ენერგეტიკის მომარაგების დივერსიფიკაციას, მდგრადი ენერგოწყაროების განვითარებას და ენერგოეფექტიანობას. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი არის მიღწეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ. სტაბილური ენერგეტიკული პოლიტიკა არის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, მდგრად, კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ენერგეტიკას, ეს კი მოითხოვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში საპარლამენტო ზედამხედველობაზე, დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ეფექტურ საპარლამენტო ზედამხედველობასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, როგორც დემოკრატიული მმართველობის არსებით დამახასიათებელ ნიშნებზე.
სხდომის ფარგლებში განხილულ სამუშაო დოკუმენტებს საბოლოოდ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია დაამტკიცებს.
ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან სერგი კაპანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე და სალომე სამადაშვილი მონაწილეობდნენ.