კინოთეატრ „რუსთაველში“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმის - „მეოთხედი საუკუნე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა, საქართველო-ამერიკის 25 წლიან მეგობრობას ეძღვნება და მასში გადმოცემულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ელჩის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია და მათი ემოციები საქართველოსთან მიმართებაში, ასევე, აღწერილია განვითარების ის გზა, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე გაიარა.
ფილმის ავტორის, დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, „ფილმი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეძღვნება. 25 დეკემბერს სრულდება 25 წელი, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. შემდეგ უკვე მოხდა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება. ფილმში წარმოდგენილია ამერიკელი დიპლომატების ხედვა, თუ როგორ განვითარდა საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში. თქვენ ნახავთ იმ კადრებს, რა სიტუაციაში ვითარდებოდა ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მძიმე პერიოდში დაეხმარა საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში.“
მისივე თქმით, ფილმში მხოლოდ ამერიკული მხარე მონაწილეობს, რაც, მისივე შეფასებით, ფილმს ობიექტურობას მატებს. „ვფიქრობ, არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს უფლება, რომ გამოიყენოს ეს პოლიტიკურ დივიდენდად და ზუსტად ეს არის მთავარი ხიბლი ამ ფილმის, რომ მხოლოდ ამერიკელი ელჩების აზრი არის დაფიქსირებული. ეს არის პროექტი, რომლითაც ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ ქვეყანას გვერდზე დგომისთვის“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფილმის ჩვენებას დაესწრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი, რომლის განცხადებით, დიდი პატივია, წარმოადგენდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დაარსებიდან 25 წლის იუბილეზე.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ფილმში მონაწილეობა ჩემს წინამორბედ ელჩებთან ერთად. ასევე, დიდი პატივია, რომ წარმოვადგენ ამერიკის შეერთებული შტატებს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 25 წლის იუბილეზე. ჩვენ მოველით კიდევ ბევრ ასეთ აღსანიშნავ დღეს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ფილმში ვსაუბრობ, ისაა, თუ როგორ ვიყავი პირველად ამ ქვეყანაში 40 წლის წინ. კოლეჯის სტუდენტი ვიყავი და სწორედ მაშინ შემიყვარდა საქართველო. უნდა ვთქვა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. ასევე, ფილმში ვსაუბრობ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის მრავალფეროვან საკითხებზე“, - განაცხადა იან კელიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორია დოკუმენტურ ფილმში „საინტერესო პერსპექტივიდან არის დანახული.“ ირაკლი კობახიძის თქმით, სხვადასხვა ეტაპზე საქართველოში მოღვაწე ელჩები საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ საუბრობენ. „ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიერ არის გადაღებული ეს ფილმი. მე მინდა, ირაკლი მეზურნიშვილს ვუსურვო შემდგომი წარმატებები როგორც შემოქმედებით, ასევე, საპარლამენტო ცხოვრებაში“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
ფილმის ჩვენებაზე დამსწრეებს მიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კინოფესტივალი ყოველ წელს სხვადასხვა მთავარ თემას ირჩევს და წელს ეს თემა პოლიტიკაა. „მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმი. ეს განსაკუთრებული ფილმია. როგორც იცით, ყოველ წელს ჩვენ სპეციალური თემა გვაქვს და წელს პოლიტიკის თემა ავირჩიეთ. ვფიქრობ, გესმით, რატომაც - წელს ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური წელი იყო. ეს ფილმი მჭიდროდაა დაკავშირებული ამ თემასთან“, - განაცხადა გაგა ჩხეიძემ.
ჩვენებამდე, ირაკლი მეზურნიშვილმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,რომ მისი ნამუშევრით სურს, მადლობა გადაუხადოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. პარლამენტის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს დასავლური ღირებულებები აქვს.
ფილმის ჩვენებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.