საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა. მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება ჰქონდათ, თუმცა, საარჩევნო პროცესში იყო ხარვეზებიც. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
„დღეს 10 ოქტომბერია, 8 ოქტომბრის არჩევნებიდან უკვე საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნების წინასწარი და ტექნიკური შედეგების შეჯამება.
მე ვთვლი და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს და ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის.
საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზეც ალბათ ჩვენ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა. არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად, ჩვენ მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ახლა ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი.
საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა ძირითადად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამიტომაც შეიძლება მთლიანობაში არჩვენები შეფასდეს როგორც შემდგარი, როგორც წინგადაგმული ნაბიჯი, თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და უკეთ გააზრება ჩვენ-ჩვენი როლების. ეს ჩვენ კიდევ უფრო წინ გადაგვადგმევინებდა ნაბიჯს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ეს შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ეს შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს შეეხება სოციოლოგიური კვლევების და ეგზიტპოლების ჩამტარებელ ორგანიზაციებს თუ დამკვეთ ადამიანებს და სხვა მნიშვნელოვან სუბიექტებს. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო, ასე ვიტყოდი, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ შედეგების შეჯამებისას და ოქმების გამოცხადებისას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩემთვის და მინდა ყველამ ვიზრუნოთ ამისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, როდესაც არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული „ფარული ხელი“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პორციებით, რაღაც გარკვეული ლოგიკით. ეს დაუშვებელია და მე ვისურვებდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის საფუძველი არ გვქონდეს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა უფრო სასურველი ტელეეკრანზე არჩევნების დასაწყისში თუ არჩევნების ბოლოს. ეს ძალინ სერიოზული თემაა, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ყურადღება უნდა მიექცეს.
სამწუხაროდ, ის „ფარული ხელი“, რომელზეც მოგახსენეთ, ჩვენ ადამ სმიტიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ საბაზრო პროცესებს არეგულირებდა ასეთი ხელი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების მარეგულირებლადაც გვევლინება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ მრავლად ვნახეთ-შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები და ასე შემდეგ. ასე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი უბნის საუბნო კომისიის ოქმები, რომლებიც ვიღაცა პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებენ, სხვისთვის მინიმალურად შესაძლოს და შემდგომ პროცესში ეს შედეგები რაღაც ლოგიკით მიდის იმ საზღვრამდე სადაც დღეს მივედით. ამასობაში, ეს შემთხვევით რაღაცნაირად ემთხვევა ეგზიტპოლების მონაცემებს, რომლებმაც საბოლოოოდ ჩემი აზრით დაამტკიცეს თავისი უსუსურობა და არაობიექტურობა, იმიტომ რომ ვხედავთ, პოლიტიკური ძალები რომლებიც მანიპულირებენ ამ იარაღით და ასე შემთხვევით ხდება, რომ ვიღაცის შედეგი მხოლოდ უარესობისკენ მიდის, ვიღაცის მხოლოდ უკეთესობისკენ შემდგომ, როდესაც უკვე რეალობასთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ხარვეზებია, რომლებიც გამოსასწორებელია, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური იმიტომ, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ვინ როგორ ისარგებლა, ვინ რამდენად გამოიყენა, ვინ რატომ დარჩა სახლში და არ მოვიდა არჩევნებზე, ეს ახლა უკვე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია და ამას ვერანაირი საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა უწყებები ვერ მოუვლიან.
მე მინდა მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ძალიან დიდი და სერიოზული და ნაყოფიერი შრომისთვის. არა იმიტომ, რომ ყოველთვის მეგონა, რომ მართალს მეუბნებოდით, სხვადასხვა ტელეეკრანებს როდესაც ვუცქერდი, მაგრამ ვისაც მართვის პულტი ხელში გვქონდა და შეგვეძლო გადაგვერთო სამ-ოთხ ტელევიზიაზე ერთდროულად, ვიღებდით სრულ სურათს. მე ვისურვებდი, რომ მომავალ არჩევნებზე აღარ დამჭირდეს ასე, სხვადასხვა ტელევიზიებზე გადართვა, ჩავრთო ერთი და ვნახო ობიექტური სურათი. თუმცა, ესეც ჩვენი სამომავლო ამოცანაა და ერთად უნდა მივაღწიოთ ამას.
არის პოლიტიკური შედეგი ამ არჩევნების. სამწუხაროდ, ჩვენ, არ მგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ის შფოთვა, რომელიც მეც გაგიზიარეთ ბევრჯერ და ბევრმა სხვამაც, გამართლდა და არჩევნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია, სიძულვილზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია, ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს.
ამიტომ, მე მინდა, დღეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს. ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ დავით ბაქრაძეს. მათზე, პერსონალურად, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ საით წავა ქვეყანა. როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მე მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ ეს კონკურენცია არ გაცდება კანონის და ცივილიზებული ურთიერთობის ნორმის ფარგლებს. ახლა მაინც, როდესაც წინასაარჩევნო შედეგები ცნობილია და ახლა, როდესაც ორმოცდაათამდე საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთის პირისპირ დადგება, აი, სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. მე ვიცნობ ერთსაც, მეორესაც და მე მჯერა, რომ გიორგიც და დავითიც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალებს, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის. რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად. რაც შეეხება მომავალს, საპარლამენტო საქმიანობას, ეს უკვე ცალკე თემებია.
და ბოლოს, მე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებზე, როგორც ჩანს ამომრჩეველმა ვერ იხილა ის პოლიტიკური პროდუქტი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ის პოლიტიკური პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ძალებს შორის იყო გაბნეული სხვადასხვა კომპონენტებით, მაგრამ რომელსაც ალბათ სჭირდება თავმოყრა. ამიტომ შემდგომი პოლიტიკური ციკლის ერთ-ერთი ამოცანა იქნება პოლიტიკურ სპექტრში იმ ძალების საერთო და ერთობლივი ძალისხმევის გაერთიანება, რომელთაც ამ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული არჩევანი თავისი შინაარსით, თავისი არსით წარმოუდგენიათ და არა მხოლოდ ფორმით.
მე პირადად, ვაგრძელებ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობებს იმ წუთამდე, სანამ შეიკრიბება საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი. ჩვენ, მთელი პარლამენტი, აპარატი, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მზად ამ საქმისთვის და მზად იქნება, რა თქმა უნდა. ამ პერიოდში მე ვიქნები სრულად ჩართული იმ პროცესებში, რაც აუცილებელია არჩევნების ბოლომდე სამართლიანად და მშვიდობიანად დასრულებისთვის.
მე ვიქნები თანამშრომლობისთვის მზად ყველა თანამდებობის პირთან, ყველასთან, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ასევე, მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად და მე ძალიან მინდა, ვისურვო, რომ პერსონალურად იგი და მისი მხარდამჭერები შეძლებენ იმ ძალიან რთულ გზაზე წარმატებით გავლას, რომელიც თავად აირჩიეს. ჩემი აზრით, მან და მისმა ჭეშმარიტმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს-საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა. ეს არის ყველაზე რთული გზა და არა ყველაზე ადვილი გზა, როგორც ეს დღეს ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ მე მას პირადად და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ქვეყნის წინ წაყვანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე.
დავით უსუფაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებსაც და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად მედიასთან უახლოეს დღეებში, ტრადიციულ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის მედიაცენტრში ისაუბრებს.