საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შუალედური არჩევნების შედეგად ვანისა და ხონის რაიონების N54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გივი ჭიჭინაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გაეცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ 2018 წლის 28 აპრილის შეალედური არჩევნების სანოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და თანდართულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პარლამენტის ახალარჩეული წევრის, გივი ჭიჭინაძის უფლებამოხილების ცნობის საკითხს.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ კომიტეტის წევრებს წარმოდგენილი ცვლილებების არსი გააცნო, რომელშიც ასახულია მთელი რიგი ნოვაციები, რომელთა დანერგვის საჭიროება გამოიკვეთა დიპლომატიურ კარიერასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე.
კერძოდ, დიპლომატიური თანამდებობის პირების სამსაფეხურიან იერარქიას ემატება მეოთხე საფეხური - პირველადი დიპლომატიური თანამდებობა, რომელსაც წარმოადგენს ატაშე. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა ფუნქციების შესაბამისად ერთმანეთისაგან გაიმიჯნება ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი. დიპლომატიურ სამსახურში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, იზრდება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის ვადა.
ამ და პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებმა. დაისვა კითხვები და გამოითქვა შენიშვნები. მომხსენებელმა მზადყოფნა გამოთქვა გაიზიაროს წარმოდგენილი შენიშვნები რაც შესაბამისი სახით აისახება კანონპროექტში.
კომიტეტმა ამ დათქმით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.