ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომამ მუშაობა დაასრულა.
„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარების პოლიტიკას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. საქართველომ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საერთაშორისო ბერკეტები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, აგრეთვე ევროკავშირის პროგრამებს, რომელიც მიმართულია რეგიონებში ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენისკენ. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია კვლავაც აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას“, - განაცხადა დღევანდელი სხდომის გახსნისას ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა.
სხდომაზე, საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ევროპარლამენტმა ამ მიმართულებით მიიღო.
„მადლობა საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის, განსაკუთრებით კი, სამშვიდობო პროგრამის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარდაჭერისთვის, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ევროპელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.
„ჩვენ მივესალმებით არა მხოლოდ რეზოლუციას, არამედ იმ დებატებსა და დისკუსიებს, რაც იყო ამ რეზოლუციის განხილვისას და სადაც ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული გზავნილები. გამოკვეთილი იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ გამოწვევის გადალახვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სურვილია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. დაძაბულობა არ არის არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესში, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის სიახლოვეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
„რუსეთი ცდილობს მოიხსნას ყველა ის ვალდებულება, რაზეც საერთაშორისო შეთანხმებით ხელი აქვს მოწერილი. ჟენევა არის ერთადერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო ასპარეზის სახით ჩართულობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შენარჩუნება. ის მუდმივად ახსენებს რუსეთს ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ ისაუბრა. მისი თქმით, გარემოს დაცვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევა.
მან ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე ასევე, კომიტეტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებაზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
სხდომაზე საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირების დანერგვისა და განხორციელების შესახებაც ისაუბრეს.
„გარემოს დაცვა საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ასოცირების შეთანხმება კარგ საგზაო რუქას გვაძლევს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ გამოწვევების გადალახვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია წარიმართა.
სხდომის ბოლოს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს.