დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომა საორგანიზაციო საკითხების განხილვით დაიწყო.
კომიტეტმა ცნობად მიიღო ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ბეგაძის განცხადება გადადგომის შესახებ.
დღესვე კომიტეტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას წარდგინების საფუძველზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია. ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.
„გვქონდა მსჯელობა გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
რომან კაკულიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია „საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ“ და ცალკეული სფეროების შესახებ თემატურ მომხსენებლებზე.
კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ პარლამენტის წევრად ნინო წილოსანი განსაზღვრა.
ამის შემდეგ, კომიტეტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა და რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ორი სარატიფიკაციო დოკუმენტი წარუდგინა: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება" და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი II)“.
მისი განცხადებით, ორივე დოკუმენტი ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია გაფორმებული. აღნიშნული ეხება საქართველოსთვის ოთხწლიანი პროგრამის დაწყებას, რომელიც მიმართული იყო ენერგეტიკის სექტორზე და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნდა მოხდეს ჩვენი ენერგეტიკული კანონმდებლობის სრულად ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და იმ მოთხოვნებთან, რაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და დირექტივებით გვაქვს. წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია თითოეული დონორისგან 60 მლნ ევროს გამოყოფა.
ორივე ტრანში დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელიც გაწერილია დოკუმენტებში და წელს რაც მთავარი მისაღწევია - ეს არის პარლამენტის მიერ ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის კანონების მიღება და ამ ორი კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჯამში 120 მლნ ევროს მიღება.
კომიტეტმა ორივე საკითხს კენჭისყრით მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური ცვლილება განხორციელდა.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც კომიტეტს მესამე მოსმენით უნდა განეხილა, მეორე მოსმენაზე დააბრუნეს.
კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტები „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2010 წლის 19 მაისის „ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ N2010/30/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის ინფორმირებულობა საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგო მოხმარების მაჩვენებლების შესახებ.
კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ეკა ბესელიამ ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომლის გადაჭრასაც აღნიშნული კანონპროექტი ისახავს მიზნად. იგი, კერძოდ, უკავშირდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის დროს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.
როგორც მან განაცხადა, საგზაო უსაფრთხოების პრობლემა უკვე საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი ადასტურებს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინათ დაიწყეს. ეკა ბესელიამ კოლეგებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები თითქმის ანახევრებს საფრთხეს.
მომხსენებლის განცხადებით, ევროპის კავშირში ამ საკითხს არეგულირებს 2003/20/EC დირექტივა, რომელიც წევრს სახელმწიფოებს ავალდებულებს იმ სახის რეგულაციების შემოღებას რომლის მიხედვით, 12 წლამდე ან 135/150 სმ-მდე ბავშვის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას გამოყენებულ უნდა იქნას საბავშვო ეტლი/ სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა.
შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ზემოაღნიშნული ასაკის ან სიმაღლის პარამეტრების გათვალისწინებით, ბავშვის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, სავალდებულოა გამოყენებულ იქნას სამგზავრო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებებით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. ამ ცვლილებების განხორციელება უნდა გახდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი.
კანონპროექტის საკამოდ დეტალურად განხილვის შემდეგ, კომიტეტმა საბოლოოდ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.