პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით.
ადამიანებმა დაკარგეს ხვალიდნელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა. ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა.
ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის.
ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება.
ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.
საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად - იუსტიციის სახლების სახით.
ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქარველოს თითოეულ მოქალაქეს.
მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩევლს, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს. მაგრამ ეს არ განხორციელდა!
ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.
მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”