ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ მოხსენება წარმოადგინა.
ერთობლივი სხდომა კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით დაიწყო, რომელმაც ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩვენი შეშფოთება, რაც განპირობებულია ჩვენი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობით, რომელიც ორ კვირაზე მეტია საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს უკანონო პატიმრობაში. გარდა ამისა, ასევე დაწესებულია შეზღუდვები როგორც ახალგორის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ასევე მამაკაცებისთვის, ახალგაზრდებისთვის შეზღუდვას დაემატა ნაწილობრივ ენგურის ხიდის გადასასვლელის ჩაკეტვა და შესაბამისად, ეს არის ის მძიმე შედეგები, რომელიც ყოველდღიურად მოაქვს ოკუპაციას. ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად იხდიან ფასს საკუთარი სიცოცხლით, საკუთარი ჯანმრთელობით, თავისუფლებით და საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევით. აუცილებელია საოკუპაციო ძალამ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გადადგან შემდგომი ნაბიჯები საოკუპაციო ძალაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, იმისთვის რომ გათავისუფლდეს ჩვენი ექიმი უმოკლეს ვადებში და რუსეთის ფედერაციამ ასევე შეასრულოს ის სხვა ვალდებულებები, რომელიც მას აქვს ნაკისრი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
გაერთიანებულ სხდომაზე დავით ლომიტაშვილმა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კულტურული ძეგლების ხელყოფის, მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.
მომხსენებლის ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები, სააგენტოს ამ ეტაპზე არ გააჩნია მძლავრი ბერკეტები და საინფორმაციო ხაზები და მხოლოდ გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად არის, რომელთა ჩარევაც მხოლოდ კულტურული ძეგლების ხელყოფის შემდეგ ხდება.
დავით ლომიტაშვილმა პარლამენტის წევრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარზე, ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარზე და დრანდის ტაძარზე ჩატარებულ სამუშაოებზე ვიზუალური მასალები წარმოადგინა.
მანვე ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში და განსაკუთრებით ჯავის მხარეში მიმდინარე მოვლენებზე სააგენტოს ინფორმაციული წვდომა არ აქვს.
მომხსენებელმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას ხეითის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაზე, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმზე, ზღუდერის წმინდა გიორგი ეკლესიაზე, აჩაბეთის ციხესა და გერის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაზე წარმოებულ უკანონო რესტავრაციის ფაქტები გააცნო და ქართული იდენტობის გეგმაზომიერი განადგურების შემთხვევებზე ისაუბრა.
დავით ლომიტაშვილის პრეზენტაციის შემდეგ, კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.