ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი ვენაში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ეუთოს ღირებულებებსა და პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევების დასაძლევად, ეროვნულმა მთავრობებმა, ორგანიზაციის სრულად აღჭურვა უნდა უზრუნველყონ.
გიორგი წერეთელმა ეუთოს მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კარგად აცნობიერებს ადგილებზე ეუთოს საველე სამუშაოების დანიშნულებას და მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოში, ბოლო წლებში, დახურული მისიის აღდგენისკენ მოუწოდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კონფლიქტების მოგვარების ახალ მიდგომებზეც ისაუბრა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ამ კონფლიქტების შედეგად, ბევრი ადამიანი დაიღუპა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ, ეუთომ, არასოდეს არ უნდა მივიჩნიოთ ეს ნორმალურად და მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ამ მაგიდის ირგვლივ შევძლებთ პოლიტიკური ნების გამოხატვას და ჩვენს ძალისხმევას მშვიდობისა და ნდობის აღდგენის კუთხით მივმართავთ“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.