პირველად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, დღეს 25 ოქტომბერს თბილისში მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა და საბჭოს 213-ე სხდომა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ექიმთა ასოციაცია (2002 წლიდან მსოფლიო ექიმთა ასოციაციის წევრი) მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო სფეროში ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მოვლენაა. გენერალურ ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს, აღნიშნული ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენაა.
შესაძლებლობა გვეძლევა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც თანამედროვე სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე ისტორიული ღირებულებებით და ტურისტული პოტენციალით, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებით მდიდარი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა.
ილია ნაკაშიძე:
მოგეხსენებათ საქართველო გარდა ღვინისა, მედიცინის სამშობლოცაა. მედეა, ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასულია. თანამედროვე მეცნიერები მის სახელს უკავშირებენ მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან, „მედეადან“ მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა.
2013 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სახელმწიფოს კურსი მკვეთრად შეიცვალა: მიზნობრივი ჯგუფების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა ჩანაცვლდა სერვისების საყოველთაო მოცვით და თითოეული მოქალაქისათვის შეიქმნა ჯანდაცვის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი. ჯანდაცვაზე დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება და უკვე გადაცილდა 3% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება დასავლეთ ევროპის მაჩვენებელს (8%).
ქვეყანაში C ჰეპატიტის მაღალი პრევალენტობის გამო, 2015 წლიდან საფუძველი ჩაეყარა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. C ჰეპატიტის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებისთვის. პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს. პროგრამას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. დღეისთვის მკურნალობა დაასრულა 55 000-ზე მეტმა პირმა. განკურნების მაჩვენებელი 98%.
სათანადო ყურადღება ექცევა ტუბერკულოზს - დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100%-ით იფარება.
ჯანდაცვის სამინისტრო სამიზნე ჯგუფის ხუთივე კატეგორიას (მარტოხელა ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, შშმ ბავშვებსა და შშმ პირებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და ღარიბ ბავშვიან ოჯახებს) დაახლოებით 21 სოციალური სახის დახმარებას სთავაზობს.
სოციალურად დაუცველი პირები, საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რიგი ქრონიკული დაავადებების დროს პრაკტიკულად უფასოდ უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით.
ჯანრთელობის დაცვის მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით მნიშვნელოვანია 2014 წელს ამოქმედებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, მხარეების სათანამშრომლო სფეროებს განეკუთვნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ჯანმრთელობის სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტური იმპლემენტაცია, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის 13 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველო სრულად გადავიდა მართვის საპარლამენტო მოდელზე, რამაც პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც აღებული აქვს ვალდებულება საპარლამენტო საქმიანობა გახადოს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. სწორედ ღია პარლამენტის ფარგლებში შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმები, რომლებიც ახლა ინერგება პარლამენტის მიერ.
1997 წელს ჩვენ გვაქვს მიღებული საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
2001 წელს გვაქვს მიღებული საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და ა.შ.
2000 წელს შევიმუშავეთ კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, ამ კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ ამ კანონში ჩავწერეთ რომ „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა აქვს“.
საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,“ „საექიმო საქმიანობის შესახებ,“ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონების და სხვა ნორმატიული აქტებისაგან და ეს პროცესი პერმანენტულია. ზედამხედველობა წარმოადგენს, პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმს. პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების საფუძვლიანი მონიტორინგი კარგი მმართველობის ინდიკატორია. პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციის გარდა, სწორედ ზედამხედველობის მეშვეობით უზრუნველყოფს პარლამენტი სახელისუფლებლო ძალაუფლების გაწონასწორებას და მოქმედებს, როგორც ხალხის ინტერესების დამცველი ორგანო.
დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში არსებითად იზრდება პროფესიული კავშირების როლი მომუშავეთა პროფესიულ განვითარებაში, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის საქმეში. ამ მიმართულებით ჩვენ მეტ ინიციატივებს ველოდებით!