დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. "საქართველო არასდროს დათმობს თავის სუვერენიტეტს, საქართველო არასდროს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ბიჭები, რომლებიც 95 წლის წინ დაიღუპნენ, პატივცემულები არიან სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მოვალედ თვლის თავს პატივი მიაგოს მათ ხსოვნას. გვინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი. სწორედ ეს არის დღევანდელი დღის და ყოველი ასეთი დღის სახელმწიფოებრივი დატვირთვა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუკერების თავგანწირვა მაგალითია მომავალი თაობებისთვის. "მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, ჩვენ იუკერების მემორიალთან სიამაყით მოვდივართ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭებმა და გოგოებმა გვასწავლეს როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა გავწიროთ თავი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის მათი ყველაზე დიდი დანატოვარი თვითოეული ჩვენთაგანისთვის, რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჯარისკაცებისთვის და ოფიცრებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის პატივია, დღეს მათ ხსოვნას პატივი მოვაგოთ", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეშვება სახელმწიფო დროშები.