საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ეკონომიკური პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის და ჩინეთის საინჟინრო კორპორაციის (CMEC) დელეგაციასთან შეხვედრისას. აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე დიდ დაინტერესებას გამოხატავს საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის და ამ ინტერესის შედეგია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადება, რომელზეც საქმიანი შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ზვიად ძიძიგური: „ჩინეთის მხარეს საქართველოს პარლამენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, როგორც ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს, ასევე მათ საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის იდება. ჩინეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის ეკონომიკას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია და მასთან მსგავსი ფორმატის ურთიერთობა საქართველოსთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთს ევროპაში მხოლოდ ნორვეგიასა და შვეიცარიასთან აქვს და საქართველოსთვის დიდი მიღწევაა ასეთ თანამშრომლობაში ყოფნა, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, კრიმინალის აღმოფხვრის, დაბალი კორუფციული დონის და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის შედეგია. მინდა ვისურვო რაც შეიძლება მეტი ინვესტორი და საქმიანი ადამიანი ჩამობრძანდეს საქართველოში რაც ჩვენ ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე დაესწრო. პარლამენტში სტუმრობამდე ჩინეთის დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC-ი ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს და ევროპაში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიად ითვლება. China Machinery Engineering Corporation საინვესტიციო პროექტებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში ახორციელებს.