„მინდა ხაზი გავუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სანდო, ობიექტური, მიუკერძოებელი სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას იმიტომ, რომ შეუძლებელია პოლიტიკის განვითარება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუ ის არ ეყრდნობა სწორ კვლევებს, თუ ის არ ეყრდნობა სწორ ფორმაციას, სწორ შეფასებას და სწორ სტატისტიკას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიან თარიღთან დაკავშირებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე - „გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მონიტორინგისთვის“.
მისასალმებელ სიტყვაში თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კარგად აცნობიერებს სტატისტიკური მონაცემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან დაცლილი ფორმით წარმოების ძალიან დიდ მნიშვნელობას.
„ამის გარანტი, პირველ რიგში, უნდა იყო საქართველოს პარლამენტი, ის უწყება, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ და სწორედ ასეც არის განსაზღვრული კანონმდებლობით ეს ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი თავადაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევებზე დაყრდნობით პოლიტიკის განვითარებას და სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ამ მიმართულებაზე.
„ჩვენ, ვცდილობთ შევქმნათ ანალიტიკური კვლევითი ერთეულები, რომლებიც პოლიტიკის შემუშავების პროცესს გახდის ბევრად უფრო პროფესიონალურს და ხარისხიანს, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა და ბუნებრივია, რომ ვერაფერი შეედრება იმ როლს, რომელსაც თამაშობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთან იყრის თავს არის ყველაზე ფასეული. ამიტომ, მადლობას გიხდით, ერთი მხრივ, ამ საქმისთვის და მეორე მხრივ, ძალიან კარგი, პროფესიონალური თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს უწყებებს შორის არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა, როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ისაუბრა ქალებისთვის იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, რომელიც ასევე უკავშირდება სტატისტიკის დეპარტამენტს.
„საქართველოს პარლამენტისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება წლევანდელი წლის პრიორიტეტია. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ეს მიმართულებებია: ქალების შრომითი უფლებები, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა და კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ვცდილობთ მაქსიმალურად ყურადღება დავუთმოთ, ეს არის ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობა - ე. წ. Pay Gap-ი, რომლის გამოთვლაც და რომელზე მუშაობაც შეუძლებელია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ დისბალანსი ქალების ეკონომიკურ მდგომარეობასა და მამაკაცების ეკონომიკურ მდგომარეობას შორის მაქსიმალურად შემცირდეს და თანასწორი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ისინი ეკონომიკურად განვითარდნენ.
„ჩვენ, დიდწილად ვეყრდნობით სწორედ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, თქვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ამ თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, პარლამენტის სახელით გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ თქვენი მიუკერძოებელი და გამართული საქმიანობის მნიშვნელობას, მათ შორის, სათანადო საბიუჯეტო რესურსების ქონის აუცილებლობას იმისთვის, რომ შეძლოთ სრულფასოვანი საქმიანობა და ამაში შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.