რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე რეგიონული განვითარების საკითხებზე, აღნიშნულ სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს.
„პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის და ჩემთვის, როგორც მისი თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია, ის რომ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის შექმნიდან ძალიან მალე გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჩვენს შორის, იმისთვის, რომ პირველ რიგში მოგვესმინა ის, თუ რა გეგმები აქვს დეპარტამენტს რეგიონების განვითარების თვალსაზრისით და ამასთანავე განგვესაზღვრა ჩვენი თანამშრომლობის ფორმატები“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი აქტიური იქნება არა მარტო პოლიტიკის შემუშავებაში, არამედ, ასევე, მხარს დაუჭერს მთავრობას, პრემიერ მინისტრს, უშუალოდ დეპარტამენტსა და სოზარ სუბარს აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ფორმატსა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.