თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიმდინარე პროექტებს და სამომავლო საქმიანობის გეგმებს გაეცნენ.
დეპუტატებმა სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტების და საკანონმდებლო წინადადებების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს და ვეტერანთა სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მომზადებულ ინიციატივებს გაეცნენ.
შეხვედრის ფორმატში, ის სამომავლო პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელებაშიც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, კომპეტენციის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომა და მხარდაჭერა შეუძლია.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ადგილზე გავეცანით სამსახურის საქმიანობას, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, სამსახურის განვითარების ხედვას და საჭიროებებს. ვიმსჯელეთ პარლამენტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. ასევე, საინტერესო დისკუსია გავმართეთ ვეტერანების პირობების შემდგომი გაუმჯობესების საკითხზე მსჯელობისას. ვეტერანები არიან ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული ნაწილი და ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას და პატივისცემას ვუდასტურებთ“,- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე დაესწრნენ.