დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში სამუშაო შეხვედრა გამართა ეპარქიის ხელმძღვანელთან მეუფე დოსითეოსთან.
შეხვედრაზე, რომელიც ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა, განხილული იქნა უცხოეთში, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდების სამეფოში, ქართული დიასპორების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
საუბარი გაიმართა საკვირაო და სამრევლო სკოლების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობის თაობაზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ამ სკოლების არსებობა გარანტია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობის ჩენარჩუნებისა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილსამყოფელი ქვეყნების მთავრობების, ბელგიის კათოლიკური ეკლესიისა და ქართული დიასპორის მხარდაჭერით, 2014 წელს ნიდერლანდებში, ამსტერდამში, დაარსდა „ქართული კულტურის ცენტრი“ და ჯვართამაღლების ეკლესია, რომელთანაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, 2017 წელს კი - წმინდა თამარ მეფის სახელობის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ბელგიაში, ბრიუსელში, სადაც ასევე წარმოდგენილია სამრევლო სკოლა.
ბექა ოდიშარიამ დახმარება აღუთქვა საკვირაო და სამრევლო სკოლების საჭირო სახელმძღვანელოებითა და სასკოლო ინვენტარით აღჭურვის საქმეში. საუბარი ასევე გაიმართა უცხოეთში ქართული სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების დაფინანსებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. მხარები შეთანხმდნენ ამ კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
დღესვე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიისა და ბელგიის წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციის მხარდაჭერით.