- 1.
პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს მთავრობა.
- 2.
რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს მისი ოფიციალური ტექსტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს:
ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის დასაბუთებას;
ბ) მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრას;
გ) მისი შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.
- 3.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ განიხილავს რატიფიცირებისთვის ან დენონსირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
- 4.
საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მოსამზადებლად და მას დასკვნისთვის უგზავნის თანდართულ მასალებს.
- 5.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ აგრეთვე სხვა კომიტეტებმა.
- 6.
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ არის წამყვანი კომიტეტი.
- 7.
წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან.
- 8.
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისთვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას.
- 9.
წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა წარუდგინოს პარლამენტს.
- 10.
კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხს განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი მონაწილეობით. ამ პირის არმონაწილეობა საკითხის განხილვას ხელს ვერ შეუშლის, თუ კომიტეტი საკითხის მისი მონაწილეობით განხილვას აუცილებლად არ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა კომიტეტის მომდევნო სხდომამდე გადაიდება.
- 11.
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება ხორციელდება დათქმით.
- 12.
წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას მისი რატიფიცირების, დენონსირების, გაუქმების ან დათქმის აუცილებლობის თაობაზე, აგრეთვე მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს.
- 13.
თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება აუცილებლად დათქმით უნდა მოხდეს, იგი საქართველოს მთავრობას უნდა შეუთანხმდეს. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი იქნება, საკითხს ისევ განიხილავს წამყვანი კომიტეტი უახლოეს სხდომაზე. თუ წამყვანი კომიტეტი დათქმას კვლავ აუცილებლად მიიჩნევს, საკითხი განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით.
- 14.
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.
- 15.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. თანამომხსენებლებად შეიძლება გამოვიდნენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
- 16.
რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.
- 17.
იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას ან გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, პარლამენტი ახდენს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით.
- 18.
თუ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, ითვლება, რომ საკითხმა ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა, და იგი ხელახლა განსახილველად წამყვან კომიტეტს უბრუნდება. წამყვანი კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ხელახლა წარდგენის საკითხს წყვეტს 1 თვის ვადაში.
- 19.
პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის განხილვის გადადების შესახებ. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებული უნდა იქნეს დადგენილებით.
- 20.
თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ, მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
- 21.
იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით არის დადებული და ხელმოწერილი, აგრეთვე ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს და რომელსაც საქართველო საქართველოს მთავრობის სახელით შეუერთდა, პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ ასეთ საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით.