სერგი კაპანაძემ, ჩეხეთის დეპუტატებთან შეხვედრისას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი საქართველოში ვიზიტად მყოფ, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის ვიცეპრეზიდენტი, ირჟი შესტაკი ხელმძღვანელობს.
ჩეხეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე, ქართველმა კანონმდებლებმა საქართველოს გარე საფრთხეებზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
„ჩეხეთის სენატის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ეს არის რუსეთიდან მომდინარე აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სტუმრებთან ასევე განვიხილეთ თემები, რომლებიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათ მნიშვნელობას შეეხება. ბუნებრივია, საუბარი შეეხეო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს - დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს და ზოგადად, ინსტიტუტებს შორის არსებულ ურთიერთობებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ.