საპარლამენტო უმცირესობამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სერგი კაპანაძის კანდიდატურა დაასახელა

საპარლამენტო უმცირესობამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის კანდიდატურა დაასახელა. ამის თაობაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა კონსულტაცია და დისკუსია საპარლამენტო უმცირესობის შიგნით და ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო - კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის კანდიდატურა შევარჩიეთ . დარწმუნებული ვარ, სერგი მთელი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა გიორგი ბოკერიამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია, ხელისუფლებას მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს. გიორგი ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ მოთხოვნაა საზოგადოებრივი ნდობისა და რეპუტაციის მქონე პროკურორის დანიშვნა.
სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის მუშაობა არ იქნება ადვილი თუმცა, ის გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტსა და ინსტრუმენტს, რაც კომისიას გააჩნია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ უმოკლეს ვადაში გაიგოს თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და ამ ტრაგედიის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.