საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ ქალთა სტატუსის კომისიის 59-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
2015 წლის 9-20 მარტს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში ქალთა სტატუსის კომისიის 59-ე სესია (CSW59) იმართება. სესიისა და მის ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად 5-15 მარტის პერიოდში საქართველოდან ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე.
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა გაეროში ყოველწლიურად იმართება. სესიაში ძირითადად მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები: მინისტრები, პარლამენტის წევრები. ღონისძიება გახსნა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან-კი-მუნმა. ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაეროს საქმიანობაში. მიმდინარე წელს რიგით 59-ე სესია ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა 1995 წლის პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის შესრულების შეფასებას და 2015 წლის შემდგომი დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების მიზნებში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესაბამის ასახვას.
პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე სიტყვით გამოვიდა აღნიშნული ღონისძიების გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომლის დროსაც, სხდომის მთავარი თემის პარალელურად, მან ისაუბრა ქვეყნის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევების, ამ სფეროში აქტიური და პროგრესული საკანონმდებლო საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გუგული მაღრაძე, აგრეთვე, სიტყვით გამოვიდა შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სფეროში არსებული გამოწვევებს და მათი დაძლევის პერსპექტივებს 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმების შესაბამისად. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლირებისათვის სპეციალური დროებითი ზომების მნიშვნელობაზე.
ვიზიტის პერიოდში პარლამენტის წევრი, გუგული მაღაძე მონაწილეობდა CSW59-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, რომლებზეც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკა განიხილებოდა.