არჩილ თალაკვაძე: „C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერ მინისტრმა - ბიძინა ივანიშვილმა მიიღო“

„C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერ მინისტრმა - ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. საქართველო ამ სფეროში დღეს გლობალური ლიდერია. პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუბრუნა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ ახალ კამპანია „STOP C“ -ს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი თანხები, იყო რწმენა, რომ შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
„C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო - თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს, შეიარაღებას და ახალ შენობებს, რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის. მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით. 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.