საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის წევრებმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინე ფრუიძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, საქართველოს პარლამენტის 31 აგვისტოს ბიუროზე დარეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ქვეყანაში მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმის გატარება.
„ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი შეეხება იმ თემას, რომელზეც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის კორუფციის პრობლემა და კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების სისუსტე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს პირდაპირ აქვს ვალდებულება დაკისრებული, რომ შექმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, სულ ახლახან, კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციებით ხაზი გაესვა ქვეყანაში კორუფციის პრობლემას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ჩვენი მოქალაქეები აწყდებიან და ხედავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 30 კანონპროექტისგან შედგება და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას სამი ძირითადი მიმართულებით: 1. კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება; 2. პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერების ეფექტური კონტროლი; 3. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის და სამივე თემას - პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლების და დეკლარაციის კონტროლს უნდა ახდენდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებელია, რომ მივიღოთ, თუ გვინდა, რომ რეალურად ქვეყანაში კორუფცია არ გვქონდეს, ვითარება არ გაგვიუარესდეს, არ დაგვიმძიმდეს და არ ჩავეფლოთ კორუფციის მიმართულებით ნეგატიურ პროცესებში. ჩემი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას და მიღებას ძალიან დეტალურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გადაწყვეტს და რას გააკეთებს პარლამენტი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ დავაინიცირეთ ეს საკანონმდებლო პაკეტი, როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრებმა, თუმცა, კანონის მისაღებად აუცილებელია საპარლამეტო უმრავლესობის ხმები და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულად დაფიქრდება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვან როლს შეიტანს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნასა და, ზოგადად, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორებმა ითანამშრომლეს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან“ და იმ სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებთან, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურები არიან ამ მიმართულებით.
პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილს განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ინიციატივა, არამედ ეს არის ინსტიტუციური რეფორმა, რომლის გატარებაც მნიშვნელოვანია.
„ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია ისეთი სტრუქტურული, ორგანიზაციული ფორმა, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური არჩევნებისგან, პოლიტიკური ციკლებისგან და, შესაბამისად, მთავრობის ცვლა არ გამოიწვევს ამ ინსტიტუტის დაკნინებას. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის წევრის, ირინე ფრუიძის განმარტებით, წარმოდგენილ ინიციატივაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არსებული უფლებამოსილებები, რომლებიც დღეს გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, თავს მოიყრის ერთად, რაც იქნება უკეთესი კოორდინაციის დასაბამი, როგორც კორუფციასთან ბრძოლის დაგეგმვის, ასევე - განხორციელების თვალსაზრისით.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს და უახლოეს მომავალში მივიღებთ ახალ, დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც გააძლიერებს საქართველოში კორუფციის პრევენციას და კორუფციასთან ბრძოლას“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი.