მიხეილ ყაველაშვილი: „სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სქესის, ასაკის, შესაძლებლობისა თუ შემოსავლების მქონე ადამიანისთვის“
სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის მხრივ არსებული უთანაბრობისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება. კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტრო, ხოლო მისი გენდერული გავლენის შეფასება შესრულდა საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
„სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სქესის, ასაკის, შესაძლებლობისა თუ შემოსავლების მქონე ადამიანისთვის“, - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
„კვლევის ფარგლებში ჩვენ გამოვავლინეთ ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები, რაც სპორტში გოგონათა და ქალთა სრულფასოვან ჩართულობას აფერხებს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტში გენდერული უთანაბრობის შემცირებას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასების ანგარიშში ასახული საკითხების ჩამონათვალშია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლებისა და ტრენერების ნაკლებობა და ქალების არასაკმარისი ჩართულობა სპორტული ორგანიზაციების მართვაში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ხელს უშლის ქალების მონაწილეობას სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში, რაც შესაბამისად აისახება მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება.
ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს სპორტის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური წესის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან ჩატარებულ საკომიტეტო მოკვლევას საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის გაზრდის შესახებ, რომელიც ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) დახმარებით ჩატარდა.
საკომიტეტო მოკვლევამ გამოავლინა, რომ სპორტულ აქტივობებში ქალებისა და გოგონების და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უფრო აქტიური მონაწილეობისთვის აუცილებელია სასპორტო განათლების სრულყოფა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური სტერეოტიპების დაძლევა.
„მისასალმებელია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ასეთი გულდასმით ეკიდებიან პოლიტიკის შემუშავებას, რომელმაც შეიძლება განსხვავებული გავლენა იქონიოს კაცებსა და ქალებზე. „ამ ანალიზის შედეგად გენდერული საკითხები უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რაც საფუძვლად დაედება პრაქტიკული ზომების გატარებას და ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების თანასწორ მონაწილეობას სპორტში, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტი მეშვიდე საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელმაც გენდერული გავლენის შეფასება გაირა.
გენდერული გავლენის შეფასება (Gender Impact Assessment) საერთაშორისო მეთოდოლოგიაა, რომელიც საქართველოში 2017 წელს UNDP-ის, NDI-ის, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID GGI-ის ხელშეწყობით დაინერგა.
კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების ხელშეწყობა ხორციელდება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში.