ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრმა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საფუძველზე, რომელსაც მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ. ეს იყო ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის კარგი პრეცედენტი. ქალბატონი მინისტრი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იმყოფებოდა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რაც მისმა უწყებამ გადადგა როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით. მინისტრმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი კონკრეტულ ინიციატივებზე და, მათ შორის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მიმდინარეობის შესახებ, გაეკეთებინა უფრო კონკრეტული და ამომწურავი პრეზენტაცია, წარმდგარიყო პარლამენტის კომისიის და შესაბამისი კომიტეტების წინაშე დახურულ ფორმატში და, შესაბამისად, დღევანდელი სხდომა არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ამ საკითხებზე ჩვენ გავმართოთ საგნობრივი და საქმიანი დისკუსია“, - განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სხდომის დასაწყისში.
მისივე თქმით, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ფრიად სენსიტიურ საკითხებს, კონკრეტული შედეგების, ინიციატივებისა და გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ ფარგლებში ხორციელდება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის დახურულ რეჟიმში წარმართვის შესახებ.
„თემა არის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, ყველასთვის პრიორიტეტული. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ქეთიმ ძალიან დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ შესახებ და საზოგადოებას აქვს ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია. დღეს კონკრეტულად ჩვენი ინტერსი არის, თუ რა ვითარებაა სავაჭრო მიმართულებით, გამომდინარე იქიდან რომ ეს საკითხები არის სენსიტიური, ჩვენ გვსურს გვქონდეს შინაარსობრივი განხილვა, ამიტომ სრულიად ვიზიარებთ მიდგომას, რომ ეს მოსმენა უნდა დაიხუროს“, - განაცხადა თავის მხრივ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.
საბოლოოდ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ დახურულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა.
„არავინ საქართველოში არ აპირებს ოკუპაციასთან შერიგებას, მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ საზოგადოებების შერიგებას, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი. ჩვენ გვაქვს კომპლექსური სამშვიდობო პროგრამა - ინიციატივა, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ესაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. არის ბევრი სიახლე, არის უკვე პირველი წარმატებები ამ პროგრამის და მე მსურს პარლამენტარებს ძალიან დეტალურად ვესაუბრო ამის შესახებ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა მედიის წარმომადგნელებთან სხდომის დაწყებამდე.