პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების პროექტის შემდგომი განხილვის თაობაზე იმსჯელეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეთხუთმეტე სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების პროექტის წარდგენის და მათი შემდგომი განხილვის შესახებ, რომელიც სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ გამოიტანა.
„როგორც მოგეხსენებათ, კომისიამ დაასრულა მოხსენების პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი, რის შედეგადაც მოხსენების პროექტი წარედგინა კომისიის წევრებს. ახლა ჩვენ გადავედით მოხსენებაზე მუშაობის მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს ამ მოხსენების განხილვას, შეჯერებას და გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შეთანხმდნენ კომისიის შემდგომი მუშაობის გრაფიკზე, რის შემდეგაც კომისია მოხსენებასთან დაკავშირებით პოზიციას დააფიქსირებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა 5 სექტემბერს გაიმართება, რომელზეც კენჭს უყრიან იმ პროექტს და რეკომენდაციებს, რომლებზეც შეთანხმება მოხდება.
კომისიის დასკვნა 6 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი - პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.