პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პროექტის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვის თემაზე საჯაროდ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისიამ მოხსენების პროექტი უკვე წარმოადგინა და მისი განხილვის შედეგად, კომისიის ყველა წევრს აქვს უფლება მასში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც ასახული იქნება დასკვნის საბოლოო რედაქციაში.
„საზოგადოებას მსურს ვაცნობო, რომ ის დოკუმენტი, რომელზეც კომისია შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებს, შედგება ხუთი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი არის კომისიის საქმიანობის აღწერა; მეორე ნაწილი ეხება ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც დადგენილ იქნა კომისიის მიერ მუშაობის პროცესში; მესამე ნაწილი ეხება იმ დასკვნებს, იმ დარღვევებს, რომლებიც კომისიამ აღმოაჩინა და დასკვნების სახით არის ასახული ამ დოკუმენტში; მეოთხე ნაწილი ეხება სკოლის უსაფრთხოებას ანუ კონკრეტულად სკოლაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს; მეხუთე ნაწილი ეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებსაც კომისია შეიმუშავებს ხორავას ქუჩის საქმიდან გამომდინარე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მან საზოგადოებას გააცნო ის გეგმა, რომლის მიხედვითაც კომისია ამ დღეებში იმუშავებს და განიხილავს დასკვნაში წარმოდგენილ ნაწილებს.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მოხსენების განხილვა და საბოლოო ვერსიის დამტკიცება უახლოესი დღეების ამოცანაა.
მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ თითქოს კომისია დადგენილ დროში ვერ ასწრებს დასკვნის მომზადებას - არასწორია, ვინაიდან დასკვნის პროექტი მომზადებულია და ერთი კვირის წინ უკვე დაეგზავნა კომისიის წევრებს.
კომისია დადგენილ ვადაში - 6 სექტემბრამდე დაასრულებს მუშაობას. იგი ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ კომისიის დღევანდელი სხდომის მუშაობაში არ მონაწილეობდენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მოუწოდა მათ „კომისიის მუშაობის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე“ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.
სერგი კაპანაძემ კოლეგებს დასკვნის პირველი ნაწილი წარუდგინა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. დასკვნა კომისიის შექმნის საკითხსა და კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობას ეხებოდა. დღესვე, კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ მოხსენება გააკეთა დასკვნის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც კომისიის მიერ გამოვლენილ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს ეხებოდა.
კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 2 სექტემბერს გაიმართება, სადაც დასკვნის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სკოლის უსაფრთხოების თემას ეხება.