თამარ ხულორდავა: „ევროპული ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზანი არამედ, ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, განვითარების მამოძრავებელი ძალა“
„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ევროპული ინტეგრაცია არის არა მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზანი, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, განვითარების მამოძრავებელი ძალა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იმ 10 ძირითად გამოწვევას შორის, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარადგინა“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი თემა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას, რომელსაც მიმდინარე წელს 10 წელი შეუსრულდა.
„ჩვენ დღეს ისეთ ურთიერთობაში ვართ ევროკავშირთან, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით 10 წლის წინ. გვაქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვართ ბევრი სააგენტოს წევრი და ისეთ პროგრამებში ვმონაწილეობთ, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ინტეგრაციის პროცესი წინ მიდის, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიხედებით“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ევროკავშირში დაწყებულია პროცესი, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე საყოველთაო მსჯელობას, რაშიც საქართველოს პარლამენტი პარტნიორებთან ერთად აქტიურადაა ჩართული.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მისწრაფებები მაქსიმალურად გაითვალისწინონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვების ფორმირებაში, რომელიც ევროკავშირში სწორედ ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ამ მიზნით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება.
„ეს დოკუმენტი ერთი მხრივ, აღნიშნავს იმ წინსვლას და პროგრესს, რომელსაც თანამშრომლობის ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, მაგრამ ასევე, საუბრობს იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც გადასადგმელია მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი, ამბიციური გეგმები, რაც კონსტიტუციის დონეზეც გვაქვს გაცხადებული. ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი პრიორიტეტი და გვსურს ყველა ინსტრუმენტი, თანამშრომლობის ყველა მექანიზმი სწორად გამოვიყენოთ ევროკავშირის სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. ჩვენ გვსურს ასოცირებიდან წევრობამდე კონკრეტული შუალედური მიზნები განისაზღვროს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველო სთავაზობს ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გაითვალისწინონ პარტნიორი ქვეყნების ამბიციები და პრიორიტეტები, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სხვა პარტნიორებმა შეინარჩუნონ მუხტი და ძლიერი პოლიტიკური ინტერესი ევროპული ინტეგრაციის მიმართ და მეორე მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერა არ მოაკლდეს ამ პროცესს.
„ამისთვის აუცილებელია კონკრეტული შემხვედრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ერთი მხრივ, გაითვალისწინოს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს არ აქვთ საერთო ხედვები მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რადგან რეფორმების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე არიან. შესაბამისად, აუცილებელია განსხვავებული, დიფერენცირებული მიდგომა, რათა ყველა პარტნიორის ინტერესი იყოს გათვალისწინებული ამ თანამშრომლობაში. ჩვენთვის და სხვა ასოცირებული წევრებისთვის - უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, ევროინტეგრაციის მიზნები არის შორს მიმავალი, ამიტომ დადგენილებაში ცალკე შეთავაზებებია ამ სამი ქვეყნის მიმართ პოლიტიკის გასავითარებლად“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი განმარტებით, დადგენილებაში ასევე აისახა მოწოდება ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურისტული პოტენციალის, ეკონომიკური, სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და ათვისებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე, შეეხება შრომითი ბაზრის გახსნის შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
თამარ ხულორდავას განმარტებით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, ასევე არის უსაფრთხოების სექტორის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერა და დახმარება. „ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბევრი ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე გამოწვევა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. ექვსი ქვეყანიდან ხუთი, პრაქტიკულად კონფლიქტების რეჟიმში ცხოვრობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის სამომავლო ხედვა ითვალისწინებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ევროპის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გათვალისწინებული ზოგადი დოკუმენტია, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილება ხაზს უსვამს საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს.
მისი განცხადებით, დადგენილება ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიეროს.
„დადგენილება შეეხება უშუალოდ იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოს აქვს, სადაც ჩვენ ევროკავშირს ვთხოვთ გააქტიურებას, უფრო მაღალ დონეზე მონაწილეობას საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მეტ ყურადღებას უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების გადაწყვეტის, დეოკუპაციის საკითხების მიმართ. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ გააქტიურდეს, მათ შორის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი განცხადებით დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს როგორც მმართველი გუნდი ასევე, საპარლამენტო ოპოზიციაც.
„მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება საერთო დოკუმენტი. ერთიანობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ეხმარება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამბიციების განხორციელებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.