გივი მიქანაძე შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
სტუმრებთან შეხვედრა გამართა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და მათ საქართველოს პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ცვლილებები ასევე, აპარატში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო, რაც დაკავშირებულია ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით არსებულ მიღწევებთან და პარლამენტის სასწავლო ცენტრში დანერგილ ნოვაციებთან.
„საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა უკვე როგორც აპარატის ადმინისტრაციის მხრიდან, გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს, რომ წარმოვაჩინოთ რეფორმები, შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს და რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ რეგიონის მასშტაბით პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებთან შეხვედრები ასევე, გამართეს საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა.
ისინი ასევე, ეწვივნენ იუსტიციის სახლსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს „112“ -ს და ადგილზე გაეცნენ მთავრობის ფორმატში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც ფუნქციონირებენ პარლამენტში მიღებული ნოვატორული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ფორმატში.
შეხვედრებში ასევე, მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.