მიხეილ ყაველაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორს შეხვდა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორ, აფშან ხანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა და ახალგაზრდულ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ახალგაზრდობის საკითხებზე კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფის მიერ ახალ კონცეფციაზე მუშაობის დაწყებას შეეხება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ბავშვთა და ახალგაზრდულ საკითხებზე ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა ხორციელდება, რისთვისაც მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აფშან ხანმა ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოზარდთა და მათ მშობლებთან მიმართებაში ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„საჭიროა, მოზარდთა მშობლებისთვის შემუშავდეს ეროვნული პოლიტიკა და პროგრამები და ისინი აღიჭურვონ პოზიტიური მშობლობისთვის აუცილებელი კომპეტენციებით, რათა უკეთ შეძლონ შვილების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებში“, - აღნიშნა სტუმარმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრი ირინე ფრუიძე დაესწრო.