ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ.
ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი საჭიროებს ჩვენს ყურადღებას და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაფიო მიდგომას. ამჟამად, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. პანდემიას თან ერთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიური არ არის. ბელარუსში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მზარდი მილიტარიზაცია, საქართველოში ვხედავთ დემოკრატიის სიმწიფის კუთხით გამოწვევებს, თუმცა, ბოლო განვითარებები იმედისმომცემია, მოლდოვაში გამართული არჩევნები და ბოლო დროს მომხდარი ყველაზე დიდი ტრაგედია, მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მან ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური კრიზისის დასრულება მიულოცა.
„მსურს მივულოცო ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას კრიზისის დასრულება. მათ მოახერხეს შარლ მიშელის დოკუმენტის მხარდაჭერა და მიმდინარე პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, დემოკრატიული კრიზისის დასრულება. მსურს ასევე, მივულოცო შარლ მიშელს, რომელმაც ბევრი იმუშავა ამისთვის. ვფიქრობ, ევროპა „შეშფოთების“ მმართველობის სტილიდან შარლ მიშელის მმართველობის სტილზე უნდა გადავიდეს. იმედი მაქვს, შარლ მიშელი ამ ლიდერობის სტილს ევროკავშირის შიგნითაც გამოიყენებს, ეს ასევე ძალიან წაადგება ბელარუსს. მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის, ევროკავშირმა შესაბამისი ლიდერობა უნდა აჩვენოს კრიზისების დასაძლევად. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი ევრონესტის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
„მე ვხედავ შესაძლებლობებს, რომ ამბიციური ქვეყნებისთვის უფრო მეტის შეთავაზება შევძლოთ. მნიშვნელოვანია ევროკავშირმა უფრო კონკრეტული შეთავაზებები გააკეთოს და იმუშაოს კონკრეტულ იდეებზე, როგორიცაა სექტორული ინტეგრაცია, ევროკავშირის „ოთხი თავისუფლების“ გავრცელება. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ერთგვარი საგზაო რუკა. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი მიდგომა ევროკავშირის კუთხითაც ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
სესიის გახსნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. გვიწევს დაგეგმილი ღონისძიებების ვირტუალურად გამართვა. დღესაც, ბრიუსელში შეკრების მაგივრად, ონლაინ ფორმატში ვხვდებით და განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სესიის გახსნისას.
მისი თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომიდან ათი წელი გავიდა. მომხსენებელმა ისაუბრა ამ პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე.
„ამ წლების განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ, თუმცა, ასევე, ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები გააფორმეს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ჩვენ ასევე, მივაღწიეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, რამაც ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანა. სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური გეგმები დაისახა და ასოცირების შესახებ შეთანხმებები ამის შესანიშნავი ინსტრუმენტია. მეტიც, საქართველომ უკვე განაცხადა მისი ამბიციური გეგმის შესახებ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთების თაობაზე“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ.
მისი თქმით, შემოდგომაზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განსაზღვრავს ამ ფორმატის მომავალს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, პარტნიორი ქვეყნებისთვის.
„ათწლეულის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს ყოვლისმომცველი მიდგომა ესაჭიროება, რომელიც აქამდე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სამომავლო გეგმებს განავითარებს. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ახალი მიზნები არსებულ რეალობაზე კარგად მორგებული და რელევანტური უნდა იყოს. დღეს უპრეცედენტო კრიზისს ვებრძვით. კორონავირუსის პანდემიამ დაამტკიცა, რომ ერთადერთი გზა სოლიდარობა და თანამშრომლობაა. აუცილებელია ერთად დავდგეთ ამ გამოწვევის წინააღმდეგ და მის შედეგებს ვებრძოლოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება როგორც ევროკავშირში, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებში.
„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას. მოწმენი ვართ ინტენსიური მილიტარიზაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის. ზრდადი პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება რეგიონში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქნილობა და დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება, რათა იგი ეფექტური და წარმატებული იყოს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უნდა გაუხსნას გზა და თითოეული პარტნიორის ამბიციების საპასუხოდ პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამ მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკა შორსმჭვრეტელი, გრძელვადიანი და ინკლუზიური და დიფერენცირების პრინციპზე დაფუძნებული იქნება“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
სესიის გახსნით ნაწილში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
„გუშინ ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მომავალ კვირას, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ის ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს - ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის მიმართვას რეალურ გამოწვევებზე და დაპირისპირების ნაცვლად, აქტიური პოლიტიკური დებატის და დისკუსიის უზრუნველყოფას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და ყურადღება მათ შრომასა და ძალისხმევაზე გაამახვილა, რასაც მედიკოსები კოვიდ 19-თან ყოველდღიურ ბრძოლაში ეწევიან.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ოკუპაციაზე, მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვლინდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის ასამბლეაზე უკრაინის საკითხსაც გაუსვა ხაზი.
„რუსული აგრესია ეხება არა მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება უკრაინასაც. ახლა ვიმყოფებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსული სამხედრო ძალების მობილიზება საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და მშვიდობიან განვითარებას. გუშინ ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას და ჩვენ მიმდინარე სიტუაციის ეს რთული ასპექტები განვიხილეთ. საქართველომ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა შესაძლო პლატფორმა უნდა გამოიყენოს აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო რჩება როგორც დემოკრატიული რეფორმების წარმატებული მაგალითი და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელსაც აქვს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური გეგმა. ბოლო წლებში განხორციელებულმა ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყანას უფრო წარმომადგენლობითი, პლურალისტური პოლიტიკური სისტემის აშენების საშუალება მისცა. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებს ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„იმედი მაქვს, რომ ევრონესტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნების დაახლოებაში მომავალშიც, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პროგრესი და ვიმსჯელოთ გამოწვევებზე. ძალა ერთობაშია და ევრონესტი, ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი ევროკავშირის და მისი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა მოქალაქეების ხმას წარმოადგენს და ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის დაახლოებისთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე შემუშავდება ახალი ხედვა, რომლის მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობა და მდგრადი განვითარება უნდა იყოს.
„ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიყოთ ამბიციურები. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ახალი მიდგომები, მექანიზმები და მოდელები. გარწმუნებთ, რომ ევროპარლამენტი ამ პროცესში სრულად იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ჩვენს წინაშე მდგომი გამოწვევები. კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა, ვხედავთ, რომ მათ ძალიან დიდი დრო სჭირდება. მზად ვართ თანამშრომლობა გავაძლიეროთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა კოვიდ პანდემიის გლობალურ გამოწვევებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
„მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტი შემაშფოთებელია. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ არ არსებობს „გაყინული“ კონფლიქტები. ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობის მხარდაჭერაა, ამ კუთხით შეგიძლიათ ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა დევიდ სასოლიმ.
სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.