გენადი მარგველაშვილი: „ჩვენი ქვეყნისთვის პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასწავლო კოლეჯების წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების განვითარების კუთხით დისკუსია და მსჯელობა გამართეს. აღინიშნა, რომ განათლების აღნიშნული მიმართულების მიმართ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 70-მდე ორგანიზაციამ მიიღო, რაც საკითხის მასშტაბურობას და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„კომიტეტმა რამდენიმე მოკვლევა განახორციელა, მათ შორის, სკოლის შიდა და სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური განათლების საკითხები, რომლებზეც მუშაობა უკვე დასრულდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მომზადდა. ამ ეტაპზე კომიტეტი ორი მიმართულებით - სკოლამდელ განათლებასა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამე კეთდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დღეს „ZOOM“-ის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების და კოლეჯების წარმომადგენლებთან, სადაც საუბრის ძირითად თემას ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადამიანური რესურსი და რეგიონულ პრინციპით შრომის ბაზრის კვლევის საკითხები წარმოადგენდა. ამ ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავების ფაზაში ვართ და შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სასწავლო კოლეჯებიდან მოწოდებულ ინფორმაციას კომიტეტი დაამუშავებს და რეკომენდაციების სახით მთავრობას და შესაბამის სამინისტროს წარუდგენს“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თემატური მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.