აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული მოქმედი კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, თელავისა და გურჯაანის რაიონებში არსებულ მოქმედ კოოპერატივებს ესტუმრა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ კოოპერატივების საქმიანობას, რომლებიც მებაღეობის, მეფუტკრეობის, მევენახეობისა და მარცვლეული კულტურების მოყვანით არიან დაკავებული.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილეს“ წევრებმა ამერიკული უეკლო მაყვლის წარმოება დაიწყეს. 50 ძირიდან დაწყებული უეკლო მაყვლის ნაკვეთი უკვე 4 ჰექტარზეა გადაჭიმული. მათ ასევე გაშენებული აქვთ ატმისა და გარგრის ბაღები. კოოპერატივი, 2014 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და მასში ხუთი მეპაიეა გაერთიანებული. „გილეს“ თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილის განცხადებით, კოოპერატივმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის გრანტი მიიღო, რომლის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია და მიმდინარეობს მისი აღჭურვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს თანადგომა და იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართულობა. სწორედ ამ კრედიტის და გრანტის საშუალებით ვაკეთებთ ხილის საშრობ საწარმოს, სადაც ჩავიბარებთ და გამოვაშრობთ ხილს, რომლითაც უკვე საზღვარგარეთ დაინტერესდნენ და სათანადო დოკუმენტაციის შექმნის შემდეგ ქართული მაყვალი მალე ევროპის ბაზარზეც გავა“, - განაცხადა კოოპერატივ „გილეს“ თავმჯდომარემ.
მეფუტკრეობამ გააერთიანა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „აგრო აპის“ თერთმეტი წევრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე კოოპერატივის წევრებს უკვე საშუალება აქვს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით შეძენილი, მცირე საწარმოო ხაზის მეშვეობით ქილებში ჩამოსხმული მზა პროდუქტი მომხმარებელს შესთავაზოს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საქმიანობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბექები“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს. ამ კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა მევენახეობას და მარცვლეულ კულტურებს უკავშირდება.
გელა სამხარაული - „კოოპერატიული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. კოოპერირება მცირემიწიანობის პრობლემების მოგვარების საშუალებას იძლევა, მარტივდება ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. კოოპერატივის წევრთა მიწების, ფინანსური რესურსების, გამოცდილების, კონსოლიდირება წარმოების ხარისხზე პოზიტიურად აისახება, გაუმჯობესებული ხარისხი კი თავისთავად გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესის აქტივირებას. ვცდილობთ ყველა პროექტში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს გათვალისწინებული იყოს შეღავათები კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის. ვცდილობთ დავარწმუნოთ თითოეული გლეხი, ფერმერი, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ხვალ და ზეგ სოფლის მეურნეობას განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლის საშუალებას მისცემს“.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პირველი კოოპერატივის დარეგისტრირებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელია გასული, თუმცა გარკვეული წარმატებები სახეზეა.
„სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია და ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი სრული სურათის აღსაქმელად, თუმცა უკვე სახეზე გვაქვს წარმატებული მაგალითები. ჩვენ ვნახეთ რა შემოსავლები შეიძლება მოუტანოს ფერმერს კენკროვანი კულტურებით დაინტერესებამ. მე ვურჩევდი მოსახლეობას იფიქრონ ამ მიმართულებით, რადგან მსოფლიო ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნაა, ჩვენს ქვეყანას კი კენკროვანი კულტურების წარმოების პოტენციალი რეალურად აქვს. შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული ამ მიმართულებით, არა მხოლოდ ავითვისოთ შიდა ბაზარი და ჩავანაცვლოთ იმპორტი, არამედ ვიფიქროთ საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
დღევანდელი მდგომარეობით კახეთის რეგიონში უკვე 121 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, სულ კი ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1474 კოოპერატივს აქვს მინიჭული.