აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მხარი დაუჭირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნას.
როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და, შესაბამისად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება.
„ბოლო წლების განმავლობაში მიწის რესურსის რეგისტრაციასა და მართვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა როგორც საკანონმდებლო, ისე პროგრამულ ნაწილში. მიმდინარე სპორადული თუ სისტემური რეგისტრაციები საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ გარკვეულ ეტაპამდე მისულიყო მიწის რეგისტრაციის საკითხი და საკუთრების უფლება შემდგომ უკვე გამხდარიყო ამ მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში და აქტივობაში ჩართვის საშუალება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპები არადამაკმაყოფილებელია. ეს ეხება განსაკუთრებით აგრარულ სექტორს, რადგან მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენების გარეშე, სექტორის განვითარებას კონკრეტული შემაფერხებელი ფაქტორები ექმნება. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად, გადაწყვიტა, რომ შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და ინტენსიურად დააკვირდება, გაეცნობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ეფექტიანად გამოყენებას და ჩვენი რეკომენდაციებით, თუ მოსაზრებებით დადებით წვლილს შევიტანთ ამ პროცესში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა საკითხის წარდგენისას.
კომიტეტისთვის პრიორიტეტულად განსაზღვრული საკითხის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მოიცავს შემდეგ თემებს:
1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწების პრივატიზება/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა;
2. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო - სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხების დარეგულირება;
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა;
4.გადასარეკი ტრასების რეგისტრაციის დაჩქარება.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის იმ საკითხთა წრე, რომელთა გადაჭრის თხოვნით სექტორის წარმომადგენლები კომიტეტს არაერთგზის მიმართავდნენ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ სამი კომიტეტის ფარგლებში ჩამოეყალიბებინათ აღნიშნული ჯგუფი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს თუ სამართლებრივად როგორ სწორად და ეფექტურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესები.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტარები: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან მგალობლიშვილი, ეკა სეფაშვილი, დაჩი ბერაია, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი, ასევე სექტორის - სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილი სხვადასხვა ასოციაციის და ორგანიზაციის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კომიტეტის სხდომაზე, ასევე, განიხილეს საკითხი - საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.
მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის დაგეგმვა გასული წლის ბოლოს მოხდა, როდესაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე, ეკონომიკური კუთხით, ანუ, ფაქტობრივად, კრიზისულ პერიოდში და გათვალისწინებული იყო ძირითადად ამ კრიზისის საპასუხო ღონისძიებები.
შარშან, მეოთხე კვარტალში, ეკონომიკური კუთხით საკმაოდ დიდი ვარდნა იყო, საბოლოოდ ეკონომიკური კლების მაჩვენებელი - 6,1% დაფიქსირდა და გიორგი კაკაურიძის თქმით, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაშიც გაგრძელდა.
მარტში ვითარება შედარებით გამოსწორდა და 4%-ით დაფიქსირდა ზრდის მაჩვენებელი და საბოლოოდ ეკონომიკური ვარდნა ამ წლის პირველ კვარტალში 4,2% იყო.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საკმაოდ კარგი ტენდენციაა აპრილის მონაცემებით და წინასწარი მაჩვენებლები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ აპრილში საკმაოდ მაღალი ზრდა იქნება და მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - ყველა პარამეტრი აჩვენებს, რომ ზრდის დინამიკა იქნება უფრო მაღალი.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო 2021 წლის იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვა, ასევე, ინფორმაცია პირველი კვარტლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, გადასახადების კუთხით შესრულება ფაქტობრივად 100%-იანია.
მან ცალკეული სამინისტროების მიერ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუთმო.
ამ სამინისტროს მიერ, ჯამურად 137 მილიონ 203 ათასი ლარის ათვისება მოხდა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის დაახლოებით 82,4%-ს წარმოადგენს.
ძირითადი პროგრამების მიხედვით კი შესრულება შემდეგია: სურსათის უვნებლობის კუთხით - 77%, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების - 57%, სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების კუთხით - 81%, ერთიანი აგროპროექტი - 88%, მელიორაციის ნაწილში - 98%.
ნინო წილოსანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ათვისების მაჩვენებელი პროგრამულ ნაწილში საკმაოდ კარგია, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საკვანძო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის წახალისების კუთხით მუშაობს, არ შეფერხებულა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შემოსულობების ნაწილში ზოგადად არის ასპროცენტიანი შესრულება - დამაიმედებელია და წარმოდგენილი კონფიგურაციით ბიუჯეტი იმის იმედს იძლევა, რომ მის შესრულებას მომავალშიც არაფერი ემუქრება, თუმცა, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.
კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ.