აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღესაც გააგრძელა ზეპირი მოსმენა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე. პროცესს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.
აღნიშნული კანონის აღსრულების პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესახებ თავიანთი მოსაზრებები და კანონის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები დღევანდელ მოსმენაზე წარმოადგინეს: UNDP-ის ეკონომიკური განვითარების გუნდის უფროსმა გიორგი ნანობაშვილმა, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ნადირაძემ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებმა ელენე შატბერაშვილმა და ირაკლი ჯავახიშვილმა, არაკომერციული იურიდიული პირის „ქვემო ქართლის მედია“ წარმომადგენელმა მანონ ბოკუჩავამ, ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.
მომხსენებლებმა კანონის გარკვეულ სიკეთეებთან ერთად, ძირითადად კანონის ეფექტიანად აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტთან დაწყებული აქტიური თანამშრომლობა, რომელსაც საფუძველი ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ჩაუყარა, შესაბამის შედეგებს გამოიღებს და კანონის იმ კონდიციამდე მიყვანა მოხდება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეალურ გაძლიერებას.
გიორგი ნანობაშვილის შეფასებით, კანონმა ნამდვილად შეუწყო ხელი კოოპერატივების შექმნას, თუმცა, მდგრადობის კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემები, რადგან სავარაუდოდ ვეღარ მოხდა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ახლად შექმნილი კოოპერატივების საქმიანობის შემდგომ განვითარებას. ასევე, სავარაუდოდ კანონში უნდა არსებობდეს ნორმები, რომლებიც თავიდანვე გამორიცხავენ მხოლოდ გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით კოოპერატივის შექმნის შესაძლებლობას.
კახა ნადირაძის შეფასებით კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნიდან განვლილი ისტორიის ანალიზი და შექმნილი პრობლემები, გამოხატული ფერმერების დაბალ მოტივაციაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისაკენ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს კანონის პრობლემებს.
მისი თქმით, კანონში რედაქციული ან სტრუქტურული ცვლილებების შეტანა ნამდვილად ვერ გააკეთილშობილებს კანონს და თავის მხრივ გამოხატა მზადყოფნა წარმოადგინონ ახალი კანონპროექტის ვარიანტი, რომელიც ცენტრალური ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების კოოპერატივების წარმატებულ მოდელებზეა დაფუძნებული.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდგომ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როცა ENPARD-ის დაფინანსების პროგრამები არსებობდა, გარკვეულწილად შეეწყო ხელი დასავლური ტიპის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კოოპერატივების შექმნასა და მათ შემდგომ საქმიანობას. თუმცა, სამწუხაროდ, წარმატებული კოოპერატივების შესახებ ინფორმაცია არ არის შესწავლილი და ფართო მასებისთვის მიწოდებული, ეს კი ხალხში კოოპერატივებზე უფრო მეტ ნეგატივს იწვევს და საჭიროა ინფორმაციის გავრცელების არხების გაუმჯობესება და კოოპერაციის დადებით შედეგებზე აქცენტის გაკეთება.
რატი კოჭლამაზაშვილმა ზოგადად ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრისას, ყურადღება ფერმერებში კოოპერატივების შესახებ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, ბიუროკრატიაზე, გადამუშავების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათების უქონლობაზე, კოოპერატივების მიმართ ბანკების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და სხვა საკითხებზე გაამახვილა.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლების შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციონირება საქართველოში ბევრ პრობლემას აწყდება საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის გამო.
შემაფერხებელი ფაქტორები, მათი აზრით, უმეტესწილად მეწარმეთა შესახებ კანონიდან გამომდინარეობს და მათ კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხზე აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას, მით უფრო რომ, დღეს პარლამენტში მეწარმეთა შესახებ სრულიად ახალ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
არაკომერციული იურიდიული პირის „ქვემო ქართლის მედია“ მომხსენებლის მანონ ბოკუჩავას განცხადებით, ინფორმაციისა და შესაბამისი ცოდნის ნაკლებობის გამო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კვლავ რთული გასაგებია კოოპერირების მნიშვნელობა. რეგიონში არ არის წარმატებული მაგალითების სიმრავლე, რაც კიდევ უფრო ართულებს კოოპერატივების დადებითი მხარის წარმოჩენას და, სამწუხაროდ, კანონი ამ დროისთვის ვერ აღწევს დასახულ მიზნებს.
პრობლემურ და კოოპერატივების განვითარებისთვის ხელისშემშლელ ძირითად ფაქტორებად, მან დაასახელა ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული გამოწვევები. კონკრეტულად კი საავტომობილო გზის პრობლემა და ელექტორენერგიაზე წვდომის პრობლემა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მხოლოდ არსებული საკანონმდებლო გარემო და შესაბამისი სახელმწიფო მხარდაჭერის ზომები არ არის საკმარისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის და საჭიროა სპეციალური სახელმწიფო პროგრამებიც, ასევე, შესაბამისი ცოდნის მიწოდება და ხარისხიანი ტექნიკური აღჭურვილობით მხარდაჭერა.
მოსმენაზე ზოგადად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისათვის შესაბამისი განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ორგანიზაციული და ასევე პროფესიული კუთხით, მნიშვნელოვანია მართვაში დახმარება.
აღინიშნა ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოპულარიზაციის გარეშე, შეუძლებელია წარმატების მიღწევა. კარგად უნდა იქნეს რეკლამირებული კოოპერატივების გამოშვებული პროდუქცია. სხვადასხვა არხებით, სოციალურ ქსელებით, მედიით და სხვა საშუალებებით მაქსიმალურად უნდა წარმოჩნდეს ქართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქტები, ხაზი გაესვას, რომ წარმოებულია ქართულ კოოპერატივში. ხალხი უნდა მიეჩვიოს ამ სიტყვას და ის უნდა გახდეს მისაღები და მისაბაძი.
წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანონიდან გამომდინარე, შესაბამისი პროგრამებით უნდა წახალისდეს კოოპერატივების საქმიანობა.
პრობლემად დასახელდა, კოოპერატივების წევრების/მეპაიების დაბალი ინფორმირებულობა კოოპერატივის სპეციფიკის მიმართ, ფინანსების მართვა და სხვა. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა დარგის სპეციალისტების ნაკლებობა. კოოპერატივები განმარტავენ, რომ აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიმართულების სხვადასხვა დარგში კადრების მომზადება, ვინაიდან კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალისტების სიმწირე კოოპერატივების ეფექტიან მუშაობას ხელს უშლის.
როგორც მოსმენაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, სოფლად სიღარიბის დასაძლევისა და კოოპერატივების მეტად მხარდაჭერისთვის, აამაღლოს დაინტერესებული მოქალაქეების ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპული სტანდარტებით წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შენახვისა და რეალიზაციის ციკლი; ფინანსების მართვა; რისკების სწორად შეფასება; კოოპერირების მნიშვნელობა; არსებული საერთაშორისო პრაქტიკა; ახალი მიდგომები.
მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ უკვე მოქმედი კოოპერატივებისათვის, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების მეტად ხელმისაწვდომობა, რადგან კოოპერატივის საქმიანობისას თავს იჩენს არაერთი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ნამდვილად იყო და არის სახელმწიფო პრიორიტეტი, თუმცა მიუხედავად გაწეული სამუშაოებისა და პოპულარიზაციისა, შედეგი მაინც არ არის სახარბიელო, ვინაიდან კოოპერატივები გარკვეული საჭიროებების და პრობლემების წინაშე დგანან, რომელთა გადაჭრა მათ ძალებს აღემატება, შესაბამისად, წინადადებების ავტორები მიიჩნევენ, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ჩართულობით და ერთობლივი ძალისხმევით კანონის კიდევ უფრო გაუმჯობესება მოხდება, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას.
აღნიშნული კონტროლის ფარგლებში მოხდება ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა.
ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ კი, კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც აისახება დასკვნები და რეკომენდაციები, და თუ აუცილებელი გახდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზეც დაიწყება მუშაობა.
პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.