საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმინა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეცამეტე სხდომაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენა გაგრძელდა.
კომისიის მუშაობის დაწყებამდე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ დღეს არის გარდაცვლილი დავით სალარიძის დაბადების დღე და კომისიის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მის ოჯახს.
„დღეს არის დათო სალარიძის დაბადების დღე, რომელიც პირველ დეკემბერს გარდაიცვალა და მსურს, კიდევ ერთხელ, კომისიის სახელით თანაგრძნობა გამოვუცხადო მის ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო მის მეგობრებს და ყველა საყვარელ ადამიანს. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ის საქმე, რომელიც ჩვენს წინაშეა ახლა და იმედი მაქვს, რომ კომისიის მუშაობა ნამდვილად დასრულდება წარმატებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის, ქალაქ თბილისის პროკურორის, მალხაზ კაპანაძის და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის, კონსტანტინე სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც მოიწვევენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. 26-28 ივლისს კი კომისიის წევრები არასრულწლოვანთა გამოკითხვას გააგრძელებენ.