გიორგი მოსიძე „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე, „ევროპის დღის“ აღსანიშნავად, ახალქალაქს ეწვია და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი“. შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი მოსიძემ მოსწავლეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე ესაუბრა, გააცნო მასში შემავალი ქვეყნები და ევროპული სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, საქართველოს ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობას.
გიორგი მოსიძემ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, განათლებასა და სახელმწიფოს განვითარებაში განათლებული ახალი თაობის როლზე ისაუბრა. „თქვენ, მომავლის თაობა, თუ კარგ განათლებას მიიღებთ, აუცილებლად იქნებით წარმატებული ადამიანები. ეს კი ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია“,- მიმართა მოსწავლეებს დეპუტატმა.
გიორგი მოსიძემ მოსწავლეებს იმ კონკურსზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით პარლამენტში იმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნახატები - თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ წარმოადგინონ.
კონკურსის მონაწილეებს პარლამენტში 8 მაისს უმასპინძლებენ და საუკეთესო ნახატების ავტორებს დააჯილდოებენ.