მარიამ ჯაში, მამუკა მდინარაძე და გიორგი მოსიძე სამგორის N12 მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე არსებული სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატები მარიამ ჯაში და გიორგი მოსიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სამგორის N12 მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე არსებული სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხის შესახებ ისაუბრეს: სკოლაში დანაშაულის პრევენციის, ნარკოპოლიტიკისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების საკითხებზე.
მოსწავლეებმა სკოლასა და ოჯახებში არსებული პრობლემები დაასახელეს და ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მათთვის საინტერესო კითხვებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა უპასუხა.
„სკოლის უსაფრთხოებას ერთი პასუხი არა აქვს, ერთი დეტალის შეცვლით საკითხი არ გადაიჭრება. ეს არის ურთულესი თემა, რომელიც იწყება საზოგადოებიდან, ჩვენი ყოველდღიურობიდან. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ურთიერთპატივისცემა საზოგადოებაში ქმნის მსოფლმხედველობასა და გარკვეულ კულტურას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან ყურადღება გაამახვილა ოჯახის, სკოლის, მეგობრების, მედიის მნიშვნელობაზე აღნიშნული მიმართულებით.
მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში განიხილება საკითხი, თუ რამდენად დასაშვებია დიდი რაოდენობისა და მოცულობის აგრესიისა და ძალადობის ჩვენება ტელევიზიით, ინტერნეტით, ვიდეო თამაშებითა და სხვა საშუალებებით.
„ჩვენ გვინდა, რომ მანდატურის სამსახური იყოს ცენტრალიზებული, მაგრამ სკოლის დირექტორთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს მისი დანიშვნა და იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობის შეფასება არ იქნება დადებითი, სკოლის დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს უნდა შეეძლოს მისი შეცვლა. უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი სისტემა სკოლის ადმინისტრაცისა და უსაფრთხოების სამსახურს შორის. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს როგორც ვალდებულებები, ასევე, თავიანთი უფლებები და ეს სისტემა უნდა იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე საკუთარი ხედვა სტუმრებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მან 90-იანი წლების საქართველოში არსებული მდგომარეობა გაიხსენა. მისი შეფასებით, დღეს ახალგაზრდები არიან გაცილებით უფრო ადეკვატურები, ვიდრე წარსულში. მისივე მოსაზრებით, ძალადობის აღმოფხვრის პროცესში მოსწავლეთა მონდომება და ჩართულობაა მნიშვნელოვანი. „გარკვეული კამპანია უნდა იყოს იმის წინააღმდეგ, რაც თავიდანვე ვიცით, რომ არის ცუდი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობასა და სავალალო შედეგებზე.
„შეგნების საკითხია ეს. ერთმანეთის მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში. თქვენი დამსახურება იქნება, თუ ორ-სამ თანატოლს მაინც გააგებინებთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ოჯახისთვის, ცხოვრებისთვის“, - მიმართა მდინარაძემ მოსწავლეებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების საკითხზე.
მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ინიციატივისა და ორგანიზებისთვის.