გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაურთან, დიდ ჰერცოგ ჰენრისთან, პრემიერ-მინისტრ, ქსავიერ ბეტელთან, დეპუტატთა პალატის სპიკერ, ფერნანდ ეტიენთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან ასელბორნთან გამართულ შეხვედრებზე გიგი წერეთელმა ეუთოს საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და ჩართულობაზე ისაუბრა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება უკრაინის კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე გრძელდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის ფაქტები. გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმის ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მკაცრად დასჯის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა ლუქსემბურგის პარლამენტში საგარეო და ევროპულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ზემოაღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელმა პარლამეტის სპიკერთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ლუქსემბურგში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. რიგით 28-ე ყოველწლიური შეკრება, 4-8 ივლისს, ლუქსემბურგის დედაქალაქში გაიმართება.