2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო და ადგილობრივ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში სადამკვირვებლო საქმიანობას ეწეოდნენ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ფასილიტაციისა და მედიაციის პროცესში ჩართული ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის და გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კომისიის მიზანია პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, საჯარო და შესაბამისად, ყველა ინფორმაცია საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი
„ეს არის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენი მიზანია, რომ ეს პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველაშეხვედრა და აქტივობა რომელიც კომისიის ფარგლებში ტარდება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა, არის საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს დაინტერესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ჩვენი დღევანდელი სურვილია, რომ მათ გავაცნოთ ის საწყისი ეტაპი, რომელსაც კომისია ახორციელებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა და შესთავაზა საპარლამენტო ოპოზიციას მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„ოპოზიციის განცხადებები არის ყველანაირად საფუძველს მოკლებული. მათ თუ რაიმეს გაკეთება, პოზიციის დაფიქსირება და შესწავლა სურთ, ამისთვის არის შექმნილი საქართველოს პარლამენტში ყველაზე მაღალი ლეგიტიმურობის და უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეული, რომლის ფორმატშიც შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე სიღრმისეულად და დეტალურად მიიღონ პასუხი, რომელიც მათ ინტერესშია. ეს კარი ღიაა დღესაც, შემოვიდნენ, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დიპკორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის მანდატის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად გააცნო კომისიის სამოქმედო გეგმები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა გადასათვლელი უბნების შერჩევის მეთოდოლოგიისა და რაოდენობის განსაზღვრის, საარჩევნო უბნების მიხედვით ბიულეტენების გადათვლის, კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიის შედგენის და დამტკიცების და მოწვეულ პირებზე ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ასევე სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.
„ჩვენ გადათვლის პროცესი გვექნება პირველ ეტაპზე, რომლის მეთოდოლოგიაზე შევთანხმდებით მას შემდეგ, რაც ცესკოდან გამოთხოვილ ინფორმაციას მივიღებთ. ამის შემდეგ, გვექნება კომისიის ფორმატში მსჯელობა და როდესაც ამ პროცესს დავასრულებთ, მინდა დაგარწმუნოთ,რომ შევადგენთ კომისიის წევრებთან ერთად იმ პირების სიას, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, რომლებიც ამ საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, რომელთა განცხადებებში იყო გაცხადებული, რომ არჩევნების დროს მოხდა დარღვევები და ამ სიის საფუძველზე მოხდება მათი მოწვევა და ახსნა-განმარტებების მიღება იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, თუ რა მტკიცებულებებს ფლობენ ისინი. კომისიის მთავარი მისია არის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება. ჩვენ ვაპირებთ ფართომასშტაბიანად, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად სრულფასოვანი ინფორმაცია შევაგროვოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას საზოგადოების წინაშე ყველა დასმულ შეკითხვას გაეცეს პასუხი და ჩვენ დავდოთ დასკვნა რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს და თუ ჰქონდა, ეს დარღვევები რამდენად არსებითი იყო, რომ შეეძლო გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კომისია არის ღია, გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება თვალი ადევნოს პროცესს და ამ შესაძლებლობაზე ოპოზიციის მხრიდან უარის თქმა არ არის გამართლებული.
„ჩვენი კომისიის მიზანია პასუხი გაეცეს ყველა იმ შეკითხვას, ბრალდებას, რომელიც ისმოდა არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მხრიდან. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს ამ პროცესში ოპოზიცია და მიიღოს მონაწილეობა. კომისია არის ღია, გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება თვალი ადევნოს პროცესს და ამ შესაძლებლობაზე ოპოზიციის მხრიდან უარის თქმა არ იქნება გამართლებული. ეს კომისია არის ყველაზე მაღალი შესაძლებლობის მქონე პლატფორმა, რომელიც პრეტენზიის განმცხადებელს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინოს საკუთრი არგუმენტები და თვითონ იყოს პროცესის მონაწილე და შემოქმედი, რათა ერთობლივად დავგეგმოთ გზა, შევისწავლოთ და წერტილი დავუსვათ იმ კითხვებს, რომლებსაც ისმენდა ოპოზიციის მხრიდან ჩვენი საზოგადოება“.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფასილიტაციის პროცესში მონაწილეობისთვის. მისი განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა ბრალდება, რომელიც მათ მიერ იყო გაჟღერებული არ იყო საფუძვლიანი და კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენ იყო მიმართული.
„ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა დიდი სამუშაო გასწიეს იმისათვის, რომ მომზადებულიყო მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და რომელმაც ის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი მოხსნა. თუეს კრიზისი არ იყო შექმნილი ხელოვნურად, მაშინ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა საგამოძიებო კომისიას უნდა წარუდგინონ ის ფაქტობრივი მასალა, რის გამოც ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი იყო ხელოვნურად შექმნილი“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
კომისიის წევრებმა უპასუხეს შეკითხვებს, პროცესის ღიაობის, მეთოდოლოგიის, მთვლელების კომპეტენციის საკითხებთან დაკავშირებით.
დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს კომისიის წევრებს პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოსთვის, გამოთქვეს მოსაზრებები და დასვეს შეკითხვები.
მათ ასევე გამოხატეს თანამშრომლობის მზაობა.